სემეკ-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ GWP-ს მიმართ სანქციები ტარდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის, საჭიროა მეტი ინვესტიციები, რათა დედაქალაქში წყლის ამორტიზებული მილების საკითხი მოგვარდეს.
ასე უპასუხა ნარმანიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციონერ დეპუტატ სანდრო რაქვიაშვილის კითხვას: „ყველაზე მეტად GWP მაღელვებს. წყალს რომ გვითიშავენ პერიოდულად. როგორც მარეგულირებელ ორგანოს, რამე სანქციები არ შეიძლება არსებობდეს? ვიცი ადგილები, სადაც შეიძლება ყოველ თვეში ერთხელ მილს აკეთებენ. ეს 21-ე საუკუნეში დაუშვებელია. რამეს ხომ არ გააკეთებდით? იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ გარემოებას, რომ კონკურენტული გარემო გვექნება“.
„2021 წელს და 2022 წელსაც მოხდა მისი სანქცირება, უბრალოდ მხოლოდ სანქცირება არ შველის, რადგან მილების დიდი ნაწილი არის ამორტიზებული. შესაბამისად, დიდი ინვესტიცია სჭირდება იმისთვის, რომ მოხდეს ქსელის სრულად რეაბილიტაცია და მისი ნორმალურ კონდინციამდე მიყვანა. ორი რამ, რაც ხაზგასასმელია არის ის, რომ სადაც დიდი მაგისტრალები კეთდება მერიის მიერ, GWP სრულად ცვლის წყალმომარაგების სისტემას, რაც შემდეგში დიდი გათიშვების რისკს ამცირებს, მეორე - ვინაიდან GWP-ს აქციების 80% გაიყიდა და ძალიან კვალიფიციური ევროპული კომპანია შემოვიდა, მათი მხრიდან, მათი გამოცდილებიდან გამომდინარე გარკვეული ტექნიკური ცვლილებები იქნება კომპანიაში. ისინი მოიტანენ მეტ ინვესტიციას, მზად არიან, რომ მეტი ფული მოიტანონ და მეტი ქსელი გამოცვალონ, თუმცა ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს აისახება ტარიფში. მომდევნო წლის ბოლოს მოგვიწევს GWP-ს ახალი ტარიფის დადგენა. მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება - რადგან გვინდა უკეთესი სერვისი, მეტი გვექნება წყალზე გადასახადი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, ამ ბაზარზე კონკურენტული გარემო ვერ შეიქმნება, რადგან სპეციფიკური სფეროა.
„სხვადასხვა უბნები სხვადასხვა კომპანიის მილებით ვერ იქნება დაქსელილი. გარკვეული პროგრესი გვაქვს GWP-ს ნაწილში და კიდევ უფრო მეტის იმედი გვაქვს. ავარიებს და გათიშვებს ვუყურებთ, ანალიტიკას ვაკეთებთ და მითითებას ვაკეთებთ სად არის მეტი წყვეტა, თუმცა ეს თვითონაც იციან. შესაბამისად, ინვესტიციები როცა იდება, იმ უბნებში ხორციელდება რეაბილიტაცია, სადაც უფრო ხშირი წყვეტაა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.




























