კომპანია GWP-ს მუშაობის ხარისხი საკრებულოს წევრმა და სამგორის დეპუტატმა რევაზ სოხაძემ გააკრიტიკა. როგორც სოხაძე ამბობს, კომპანია ჯეროვნად ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, რის გამო 21-ე საუკუნეში თბილისის მაცხოვრებლებისთვის წყლის უწყვეტი მიწოდება კვლავ გამოწვევად რჩება.
საკითხს გამოეხმაურა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიაც, რომელიც ამბობს, რომ კომპანიას მომავალი წლის საინვესტიციო გეგმის წარდგენა მოეთხოვა. მისი თქმით, სემეკი კომპანიას ინვესტიციის მოცულობის გაზრდას მოსთხოვს, მაგრამ ეს ტარიფზე გავლენას იქონიებს.
BM.GE-ისთვის GWP-ის მოწოდებული ინფორმაციისთვის ირკვევა, რომ 2022 წელს კომპანიამ ჯამში ინფრასტრუქტურულ პროექტებში 107 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა. მათი თქმით, 64 ქუჩაზე 31 კილომეტრი სიგრძის ქსელი ახლით შეცვალა.
კითხვაზე თუ რა რაოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებენ 2023 წელს და რომელ ქუჩებზე განხორციელდება სამუშაოები კომპანია GWP-ში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მსხვილი პროექტი მიმდინარე წელს წერეთლის გამზირზე არსებული ქსელის შეცვლა იქნება.
“წყალმომარაგების ქსელი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად არის სარეაბილიტაციო და აქედან გამომდინარე ინვესტიციების მოცულობა წლიდან წლამდე იმატებს. შესაბამისად, საკმაოდ მსხვილი იქნება 2023 წლის ინვესტიციები. როგორც წელს, ასევე მომდევნო წლებში იგეგმება არაერთი მასშტაბური პროექტი, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის დედაქალაქის წყალმომარაგებას.
2023 წლის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტებია: წერეთლის გამზირის, კრწანისისა და უნივერსიტეტის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. თბილისის ზედა ზონების სტაბილური წყალმომარაგებისთვის 10 კმ ქსელის მოწყობა. დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში მაქსიმალურად განვაახლებთ კრიტიკულად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას.
ამჟამად არსებულ ტარიფში ასახულია სწორედ მიმდინარე ინვესტიციები. სამომავლო ინვესტიციებზე შეთანხმება ასევე მოხდება სემეკთან და მუნიციპალიტეტთან", - ნათქვამია კომპანიის წერილობით პასუხში.