მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გზების დეპარტამენტმა 133,000 ევროდ უცხოელი იურისტები დაიქირავა

გზა გზები მაგისტრალი ავტობანი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში მოქმედებს, იურიდიული მომსახურების შესაძენად 133 ათას ევროს ოდენობის კონტრაქტი გააფორმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია FTI Consulting-თან.

შესყიდვა განხორციელდა გამარტივებული წესით, დაფინანსება კი მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება. ხელშეკრულება ძალაშია 2025 წლის 22 აგვისტოდან და ერთწლიანი ვადით გაფორმდა, თუმცა დოკუმენტში მითითებულია, რომ მომსახურება 2025 წლის ნოემბრამდე უნდა განხორციელდეს.

FTI Consulting საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ და საკონსულტაციო კომპანიად ითვლება, რომლის მთავარი ოფისი პარიზში მდებარეობს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია გზების დეპარტამენტს სამართლებრივ კონსულტაციებს გაუწევს, მოამზადებს დოკუმენტებს და საჭიროების შემთხვევაში დაიცავს უწყების ინტერესებს საერთაშორისო დონეზე. თუმცა, კონტრაქტის ის მუხლები რომლებიც უშუალოდ შესყიდვის მიზანს აღწერს რეტუშირებულია და საჯარო არაა. შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალის მშენებელ კომპანია Polat Yol-თან კონტრაქტის გაწყვეტასთან, რის შესახებაც გადაწყვეტილება სამინისტრომ ივლისის ბოლოს მიიღო.

გრიგოლეთი ქობულეთის 14 კილომეტრის სიგრძის გზაზე სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და თავდაპირველი ვადით 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. კონტრაქტორის მოთხოვნით პირველადი ვადა ორჯერ შეიცვალა, თუმცა ვალდებულებები ახალ ვადებშიც ვერ შესრულდა. პროექტის ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენდა.

პროექტი ითვალისწინებს 14 კმ-იანი ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობას.

ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია 11 კმ-იან მონაკვეთზე, თუმცა დარჩენილი 3 კმ-ზე სამუშაოები ფაქტობრივად გაჩერებული იყო, რის გამოც მთავრობამ კონტრაქტორ თან ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები