მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გზების მოვლისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნა კატასტროფაა... ეკონომიკიდან ბიზნესის გამოდევნა ხდება|ფინანსისტი

გიგა ბედინეიშვილი

ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნა კატასტროფაა.

“სახელმწიფო კაპიტალიზმის ფორმას გვთავაზობენ”, - თქვა მან BMGTV-ის ტელეპროექტ #წერტილში საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის შეფასებისას.

როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და უკვე პარლამენტში განიხილება გზების დეპარტამენტის ავტორობით საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის მიზნით, ახალ სახელმწიფო კომპანიას დააფუძნებს. აქამდე აღნიშნულ ფუნქციას ტენდერების მეშვეობით გამოვლენილი კერძო კონტრაქტორები ასრულებდნენ. პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გზების მოვლა-შეკეთებას სახელმწიფო კომპანია კერძოზე უკეთ შეძლებს.

კანონპროექტი ყოველგვარი რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) გარეშე მომზადდა და როგორც ირკვევა, ახალ სახელმწიფო კომპანიას ყოველწლიურად, დაახლოებით, 30 მილიონი ლარი ექნება გამოყოფილი დასახარჯად. ეს არის ბიუჯეტი, რომლითაც დღეს ბაზარზე სხვადასხვა კერძო კომპანია ოპერირებს და სამუშაოებს ტენდერების გზით ასრულებს.

ფინანსისტმა მკაცრად შეაფასა ხელისუფლების ეკონომიკურ ხედვა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ ბიზნესის ფუნქციების შეთავსება ეკონომიკისთვის დამღუპველია.

- ეს კატასტროფაა. თავისთავად კატასტროფაა, რომ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც თავში შეიძლება ისეთი აზრი ჰქონდეს, თითქოს სახელმწიფო კომპანია რატომღაც უკეთესად გააკეთებს რამეს, ვიდრე - კერძო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ასე არ ხდება...

- უფრო მოქნილი იქნება, ტენდერის გამოცხადება არ დაგვჭირდებაო და სადაც გზას მოვლა თუ რეაბილიტაცია დასჭირდება, ოპერატიულად ვიმოქმედებთო - ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს მათი ლოგიკა.

- ნუ, ასე თუ მივუდგებით ბიზნესსა და ეკონომიკას, მაშინ ყველაფერი ერთ სახელმწიფო კომპანიაში გავაერთიანოთ, “მოქნილები” ვიქნებით და საბჭოთა კავშირიც ეგ იქნება. რა დოვლათიც მოჰქონდა საბჭოთა კავშირს, თქვენ ახლა არ გახსოვთ, ბუნებრივია, მაგრამ მე მახსოვს და არავის ვურჩევ მის გამოცდას, ვისაც არ ახსოვს… უნდა ვაღიარო, იგივე ირაკლი კობახიძემ სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით ერთი-ორი სწორი რამ თქვა - მაგალითად ის, რომ უსარგებლო პროექტია, რომლითაც ბოროტად სარგებლობენ. ეს სწორი აქცენტი იყო, ანუ, რაღაც თვალსაზრისით, ერთი ნაბიჯი წინ გადავდგით, მაგრამ მეორე მხრივ - ორი ნაბიჯი უკან, რადგან აგერ გზების სახელმწიფო კომპანიის შექმნა დაგვიანონსა.

ფინანსისტი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდში მავნებლური ეკონომიკური იდეები ბუდობს, რის მაგალითადაც, გზების კომპანიის გარდა, ე.წ. სახელმწიფო ბანკის იდეის პერიოდული გაცოცხლებაც მოჰყავს.

„ძალიან ცუდია, რომ ან თვითონ ვერ ერკვევა ეკონომიკაში, ან ვიღაც ხალხი ჰყავს, რომელიც არწმუნებს ამ მავნებლურ აზრებში. აგერ დაგვიანონსა გზების სახელმწიფო კომპანია. გზების მოვლისთვის მაინცდამაინც სახელმწიფო კომპანია გვჭირდება? სახელმწიფო ბანკითაც რამდენ ხანს გვემუქრებიან, ხომ? ახლა განვითარების კორპორაციას დავარქმევთ, ბანკს არაო... აშკარად ვიღაცები აკავებენ “ქართულ ოცნებას”, რომ სახელმწიფო კაპიტალიზმის რაღაც განვითარებული, თავის ტვინში არსებული ფორმა შემოგვთავაზონ. აი, ამიტომ ვამბობ, კატასტროფაა-მეთქი, რომ ასეთი აზრები ბუდობს ამ მმართველობაში”, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, რეალურად სჯერა თუ არა ხელისუფლებას სახელმწიფო სექტორის ეფექტიანობის, თუ ეს უბრალოდ კერძო ბიზნესისთვის სამუშაოს და ფულის წართმევაა, ფინანსისტი პასუხობს, რომ შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფითია.

“ბიზნესგარემოსთვის ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ მათ სახელმწიფო აფერხებს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შედეგი, თანაპროდუქტი იქნება კერძო სექტორის გამოდევნა ეკონომიკიდან. რაც უფრო მეტი სახელმწიფო კომპანია გვაქვს, რაც უფრო მეტად ჩაეჩრება სახელმწიფო ეკონომიკაში (ისედაც უფრო მეტად არის ჩართული, ვიდრე უნდა იყოს), მით უფრო გამოდევნილი იქნება კერძო სექტორი. ამას ეკონომიკაში პირდაპირ გამოდევნა - crowding out - ჰქვია და ეს არის ამ ყველაფრის პირდაპირი უარყოფითი შედეგი,“ - განმარტავს გიგა ბედინეიშვილი.

ფინანსისტი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი სახელმწიფო კომპანიების შექმნის მიღმა, იდეოლოგიური შეცდომების გარდა, დახვეწილი კორუფციული ინტერესებიც იმალებოდეს. მისი თქმით, ქვეყანაში დაბალი დონის კორუფცია კონტროლდება, თუმცა სისტემურ დონეზე სულ სხვა სქემები მუშაობს.

„მართლა ასეთი რწმენაა თუ სინამდვილეში კარგად შენიღბული კორუფციული სქემაა დაანონსებული, ამის თქმა უბრალოდ სპეკულირება იქნებოდა. თუმცა ერთ რამეს კი ვიტყვი: მიმაჩნია, რომ კორუფცია ძალიან გავრცელებულია “ქართულ ოცნებაში”. შეიძლება ყოველდღიური, წვრილმანი კორუფცია ("petty corruption") - პატარა ტრანზაქციების დონეზე - შედარებით კონტროლის ქვეშ არის, მაგრამ არსებობს უფრო ჭკვიანური, სოფისტიცირებული კორუფციის ფორმები. ამას აქვს არა ბანალური ფორმა - “კონტრაქტი მომეცი და ქრთამს მოგიტან”, არამედ - კონტრაქტი მომეცი და რაღაცა სადღაც სხვაგან დაგეხმარები” ან “პარტიაში შევწირავ”, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები