"დავანებოთ თავი სოციალურ ქსელში თავის პიარს“, - ასე მიმართა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომიდან „მაგთიკომის“ დამფუძნებელმა გია ჯოხთაბერიძემ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს.
საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ ამავე კომიტეტის სხდომაზე, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავდნენ, ჯოხთაბერიძესა და ბექაურს შორის მწვავე კამათი გაიმართა. ბიზნესმენმა საქართველოს კომუნიკაციების ბაზრიდან 2 მოთამაშის გასვლაში კომისიის თავმჯდომარე დაადანაშაულა. თავის მხრივ, აღნიშნულს ტყუილი უწოდა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, რასაც ბიზნესმენის საპასუხო განცხადება მოჰყვა.
განცხადებას განცხადებითვე უპასუხა კახა ბექაურის უწყებამ. კომისიამ გაავრცელა რელიზი, სახელწოდებით „თელიასონერას“ წერილი, რომელიც „მაგთიკომის” მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს“.
კომიტეტის 14 ივლისის სხდომაზე კი, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება ბიზნესმენმა კახა ბექაურს კიდევ ერთხელ მიმართა.
Bm.ge ჯოხთაბერიძის და ბექაურის კითხვა-პასუხს გთავაზობთ (სტილი დაცულია):
გია ჯოხთაბერიძე: ჰაერში გამყოფებ ბატონო კახა. ხვალ გიპასუხებ იმაზე, რაც დღეს დადე. ის იყო გამომათხოვრებული წერილი თქვენი და დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ „თელიასონერასი“. მე კი მაქვს „თელიასონერას“ დოკუმენტი, სადაც წერია, რატომ არ უნდა საქართველოში ყოფნა. ამას ვთარგმნი და გამოვფენ სოციალურ ქსელში. რად გინდათ ეს?! ტყუილი დამაბრალეთ?! - გიპასუხე, ამოვჭერი კადრები და დაგანახეთ, რომ არასდროს ვიტყუები. იცით, რატომ შემიძლია ასე ხმამაღლა საუბარი? გზა, რომელიც გამოვიარე, სუფთაა. ამიტომ დაიმახსოვრე, მე შენ გიპასუხებ და ამის მერე პასუხი არ გინდა. საქმის კეთება ქსელში „პაკაზუხობა“ კი არაა...
კახა ბექაური: ბატონო გია, მე თუ საჭიროდ ჩავთვლი გიპასუხებთ, თუ არა - არა.
გია ჯოხთაბერიძე: მე მოგიწოდებ შენ, რომ არ გააკეთო ეს; არაა ეს საქართველოსთვის კარგი ამბავი.
კახა ბექაური: არც ის იყო კარგი, წინა შეხვედრაზე რომ არასწორი ინფორმაციები გაავრცელეთ...
გია ჯოხთაბერიძე: არცერთი ინფორმაცია არ იყო არასწორი. თავიდან დავიწყო? ტყუი. პარლამენტში მოიტანე კანონ-პროექტი და ბედავ თქმას, რომ ბიზნესთან იყო შეთანხმებულიო. არაფერი შეგითანხმებია... არ გათენებოდეს ჩემს მოდგმას ხვალინდელი დღე, თუ ეს ასე არ იყო... რა გაცინებს, ჩვენს უკან საქართველოა, თუ რამეზე შეგტკივა გული, რა სოციალურ ქსელში ფენ... კუნთებს ათამაშებ, რომელიც არ გაქვს, ამიტომ რაღაცეებთან ახლოს ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის უფლება გაქვს. მიხვდი, რასაც ვამბობ. არცერთი საკითხი, რაც დავაყანე პარლამენტში, არ იყო ტყუილი და გაბერილი. რატომ ხარ აღშფოთებულიო, რომ მეკითხებით, რომ მართმევ ამ ქონებას, როგორ უნდა მოგივიდეს ეს თავში?! თითქმის 30 წელია დამოუკიდებლები ვართ და რა ვერ ვისწავლეთ... გვეყოფა რა. შეგიქმნია ადამიანს რაღაც ცხოვრებაში და უნდა წაგართვათ თუ არ მოგვწონხართო... არავის ხელზე არ ვეამბორები, ვინც არ უნდა იყოს, მაგრამ ბოლომდე გავიტან ცხოვრებას ღირსეულად.
კახა ბექაური: არავის თქვენი ქონების წართმევა არ უნდა და არც არავის ჰქონია თავში. რაზეც ჩავთვლი საჭიროდ რომ საზოგადება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული, აუცილებლად გავავრცელებ ინფორმაციას, თუ არ ჩავთვლი საჭიროდ - არა.