ბიზნესრეესტრის მონაცემებით, საქართველოში ცემენტის უმსხვილეს მწარმოებელს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" სახელი ოფიციალურად შეეცვალა და მას შპს "ქართული ცემენტი" ეწოდება. ცვლილება მიმდინარე წლის 12 სექტემბერს აისახა. კომპანიის სახელის ცვლილება უკავშირდება ქარხნიდან გერმანული Heidelberg Materials-ის გასვლას, რაც ცნობილი ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილში გახდა.
გერმანული Heidelberg Materials-ი კომპანიაში 45%-იან წილს ფლობდა და ის ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა და ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჯგუფმა "ჰანიველ პარტნერსმა" გამოისყიდეს. მაშინვე გაცხადდა, რომ კომპანია გარკვეული პერიოდით შეინარჩუნებდა ჰაიდელბერგ ცემენტის ბრენდის სახელს, შემდეგ კი ბაზარზე ახალი ბრენდით წარდგებოდა. ამ ცვლილების ფარგლებში კომპანია 2024 წლის აგვისტოდან მომხმარებელს პროდუქციას "ახალი ჰანიველ ცემენტის" სახელით სთავაზობს.
ამ დროისთვის საჯაროა კომპანიის 2022 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც კომპანიამ 513 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა 2021 წელთან შედარებით 98 მილიონი ლარით მეტია. ამავე წელს გაუმჯობესდა კომპანიის წმინდა მოგებაც, რამაც 129 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 38 მილიონი ლარით მეტი იყო. ქარხნის მთლიანი აქტივები 579 მილიონ ლარს აღწევს.
არსებული მდგომარეობით, ქარხნის მესაკუთრეა ნიდერლანდებში რეგისტრირებული კავკასუს ცემენტ ჰოლდინგ BV-ი, რომელშიც წილებს თავის მხრივ ფლობენ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი და ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "ჰანიველ პარტნერსი", კომპანიაში ასევე მინორიტარული აქციონერის სახით მონაწილეობს ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის ოჯახიც.