ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბაზირებული ტერორისტული ორგანიზაციები, მათ შორის, „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და „პალესტინის ისლამური ჯიჰადი“ აქტიურად განაგრძობენ შემოწირულებების კრიპტოაქტივებში მიღებას.
The Wall Street Journal-ის უახლესი ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021-დან 2023 წლამდე პერიოდში „პალესტინის ისლამურ ჯიჰადს“ 93 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტები აქვს მიღებული. ამავე პერიოდში „ჰამასმა“ დაახლოებით $41 მილიონის დონაციები მიიღო. „ჰეზბოლას“ შემთხვევაში მიღებული თანხის მოცულობა $20 მილიონის ფარგლებშია.
მართალია, ტერორისტული დაჯგუფებების მხარდამჭერების ვინაობა უცნობია, თუმცა მათი უდიდესი ნაწილი ირანთან და რუსეთის ფედერაციასთანაა დაკავშირებული.
ანალიტიკოსები ამბობენ იმასაც, რომ ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული ორგანიზაციების მიერ კონფლიქტის გამწვავების ფონზე, კრიპტოაქტივებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერორისტები ახლა უფრო მეტ ფინანსურ დახმარებას იღებენ, ვიდრე ადრე.