მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

,,Heinz''-ის აღზევების ისტორია: მეურნეობიდან - ბიზნეს იმპერიამდე

645b5037cee8e
ირაკლი მოდებაძე
11.05.23 01:00
662
1800-იანი წლების შუა ხანებში შეერთებულ შტატებში ბევრი გერმანელი ემიგრანტი შევიდა, მათ შორის იყვნენ ჰენრი ჯ. ჰაინცის მშობლებიც. ჰენრიმ, რომელიც სოფლის მეურნეობითა და მათემატიკით იყო გატაცებული ბუღალტრული აღრიცხვა შეისწავლა, რომელიც მოგვიანებით მთელი ცხოვრების მანძილზე დასჭირდა.

1869 წელს ჰაინცმა და მისმა მეგობრებმა ძმებმა ნობლებმა, დააარსეს ,,Heinz, Noble, and Company’’, რომელიც ეწეოდა საბაზრო ხილის კონსერვების, მდოგვის, მწნილის, პირშუშხას და ქაცვის წარმოებას. ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა და ისინი მალე გაფართოვდნენ მეზობელ ქალაქებში. ჰენრი ჰაინცმა დანერგა ინოვაციური მარკეტინგის ტექნიკა, მან დაიწყო ბრენდის ღირებულების შექმნა თავისი პროდუქციის ეტიკეტირების გზით, რაც მაშინ გაუგონარი ამბავი იყო.

ჰაინცი შეხვდა თავის პირველ წარუმატებლობას 1873 წლის ხანგრძლივი დეპრესიის დროს, რამაც მისი ბიზნესი გააჩერა. საბოლოოდ კი ,,Heinz, Noble, and Company’’ დაიხურა. 1877 წელს, როდესაც ეკონომიკური კრიზისი შედარებით განელდა, ჰენრიმ თავის ძმა ჯონთან ერთად დააარსა კომპანია, რომელიც აყვავდა პომიდვრის კეჩუპების წარმოებით და შეიძლება ითქვას, რომ ბრენდის ფლაგმანი პროდუქტი გახდა. 1888 წლისთვის ჰენრიმ კომპანიის 100-ივე პროცენტი შეიძინა და მას ,,H.J. Heinz Company’’ დაარქვა.

ბიზნესის სახელის გადარქმევის შემდეგ ჰენრი კომპანიის მთავარი სახე გახდა. მან დაიწყო მთელი რიგი პროდუქტების დანერგვა, მათ შორის ვაშლის კარაქის, წიწაკის სოუსის, ფარშის და ა.შ. 1892 წელს, ჰენრიმ ერთ-ერთი მთავარი მარკეტინგული სვლა გააკეთა და კომპანიას დახვეწილი სლოგანი - ,,57 ჯიში’’ მოუფიქრა, რომელიც დღემდე გამოიყენება. 1895 წლისთვის მან დაიწყო თავისი სახელის დაწერა ბილბორდებზე, ჟურნალებსა და გაზეთებზე თავისი კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. ამავე დროს გახსნა ფილიალები ამერიკის სხვა მსხვილ ქალაქებში და რაც ყველაზე მთავარია საკუთარი პროდუქცია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიტანა.

1919 წელს ჰაინცის გარდაცვალების შემდეგ კომპანიის სადავეები ჰენრის ვაჟმა ჰოვარდ ჰაინცმა აიღო, რომელმაც შეძლო და კომპანიას 1931 წლის დიდი დეპრესია ნაკლებად მტკივნეულად გადაატანინა ორი გენიალური პროდუქტის, მზა სუპებისა და ბავშვის საკვების ხაზის დანერგვით.

ამის შემდეგ კომპანია გადადიოდა ოჯახის წევრებს შორის ხელიდან ხელში, ,,ჰაინცი’’ კი განაგრძობდა ზრდას, ვინაიდან ახალ მმართველებს სწორად ესმოდათ აღნიშნული ბიზნესის არსი. საბოლოოდ, 2013 წელს უორენ ბაფეტის ,,Berkshire Hathaway’’-იმ და ბრაზილიურმა საინვესტიციო ფირმა ,,3G Capital Management’’-მა $23,3 მილიარდად ბრენდი შეისყიდეს. მოგვიანებით, 2015 წელს ,,Heinz’’ გაერთიანდა ,,Kraft Foods Group’’-თან და,,Kraft Heinz Company’’ დაერქვა. ის დღესდღეობით არის ჩრდილოეთ ამერიკის სიდიდით მესამე, ხოლო მსოფლიოში მეხუთე უდიდესი საკვებისა და სასმელების კომპანია, რომელიც მოიცავს 6000-ზე მეტ განსხვავებულ პროდუქციას, 36,000 თანამშრომლით და 26 მილიარდიანი წლიური შემოსავლით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები