მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰექტარზე 300 ადამიანი - ყველა ბოლო პერიოდის პროექტი ამის მიხედვით არის გასასინჯი" - შენობები თბილისში

მერაბ ბოლქვაძე

დედაქალაქში არსებული რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის კითხვებს აჩენს. მათი პოზიციაა, რომ თბილისისთვის რამდენიმე მასშტაბური მრავალსართულიანი პროექტი პრობლემას წარმოადგენს. საკითხზე BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ ისაუბრა.

მისი განმარტებით, ევროპული სტანდარტი, რომლის დაცვის ვალდებულება საქართველოშიც მოქმედებს, ჰექტარზე 300 ადამიანის განაწილებაა. მერაბ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ყველა ბოლო პერიოდის სამშენებლო პროექტი ამის მიხედვით არის გასასინჯი.

„თითქმის 4 წელი გავიდა [თბილისის გენერალურ გეგმის] დამტკიცებიდან და ურიგო არ იქნება შესაბამისმა სამსახურებმა ანალიზი გააკეთონ როგორ მიდის, რა ტენდენციებია, რომელ ტერიტორიებზეა მოთხოვნები და ა.შ - ასეთი ერთ-ერთი პროექტია ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე. ბევრს ჰგონია რომ, რა მოხდა, ცოტა მაღლივს ავაშენებ, მაგრამ ჰექტარზე 300 ადამიანზე მეტი არ შეიძლება - ეს თბილისში და ზოგადად, ევროპული სტანდარტია. თუ ეს დარღვეულია ნიშნავს, რომ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები ირღვევა, რადგან მას არ ყოფნის: სკოლა, საბავშვო ბაღი, მწვანე სივრცეები, სპორტული მოედნები და ავტოსადგურები. ჩვენთან ამის სეისმური მოთხოვნაც არის, რომ ჰექტარზე ადამიანთა მოსული რაოდენობა 300-ს აჭარბებს უკვე ნორმა ირღვევა, ამ კონტექსტით არის ყველა ბოლო პერიოდის პროექტი გასასინჯი და სანახავი“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება გენერალური გეგმის გადახედვის ვადებს, მისი თქმით, 7-10 წელში შესაძლებელია კორექცია მოხდეს:"საბჭოთა პერიოდში იყო 20-25-წლიანი გეგმა, რა თქმა უნდა სწორია რომ ეს ვადა შემცირდეს, რადგან განვითარება, ცვლილებები ჩქარა ხდება და 7-10 წელში შესაძლებელია კორექცია მოხდეს“.

მერაბ ბოლქვაძემ ასევე ისაუბრა, რამდენად მიდის ქალაქის განაშენიანება გენერალური გეგმის მიხედვით და ხომ არ ხდება დადგენილი ნორმიდან გადახვევა.

„თბილისი გენერალური გეგმა როდესაც დამუშავდა და დამტკიცდა, იქ იყო პირდაპირ მითითება, რომ პოლიცენტრულ არეალებში შესაძლებელია მაღლივი მშენებლობა და თბილისისთვის განსაზღვრული იყო პოლიცენტრული არეალები. ბევრი ქალაქი ვითარდება პოლიცენტრული განვითარებით ერთგვარი მრავალცენტრიანობით იმისათვის, რომ ცენტრი განიტვირთოს და პერიფერიაზე უფრო მეტი სამშენებლო აქტივობა მოხდეს. ეს ხერხი ბევრმა ევროპულმა ქალაქმა მოიხმარა, რომ პერიფერიაზე მოხდეს აქტივობის წერტილების განვითარება, მათ შორის მაღლივი მშენებლობების. თბილისის გენერალური გეგმით ეს პოლიცენტრული არეალები: დიღმისა და გლდანის კვანძის არეალშია; სამგორის ტერიტორია, "ისთ ფოინთი" და მიმდებარე - ამ არეალებში შეიძლება მაღლივის განვითარება და ტერიტორიული რესურსიც არის ამ თვალსაზრისით. არ მინდა იმის თქმა, რომ სხვაგან არსად არ შეიძლება მაღლივი მშენებლობები, მაგრამ მას უნდა მყარი დასაბუთება“, - განაცხადა მან.

ბოლო წლებში თბილისში რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა აშენდა, ამასთან დაგეგმილია გმირთა მოედანზე 40 და 52 სართულიანი კომპლექსების მშენებლობა. გასულ კვირას ასევე ცნობილი გახდა, რომ იპოდრომის ცენტრალური პარკის მიმდებარედ 79 სართულიანი შენობა უნდა აშენდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები