გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამსახურის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში მცურავ სატვირთო გემს დაუდგენელი ჭურვი მოხვდა, რამაც ბორტზე ხანძარი გამოიწვია.
თავდასხმის გამო ეკიპაჟი იძულებული გახდა, გემი დაეტოვებინა. ამ დროისთვის ხომალდის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, თუმცა ხელისუფლება მომხდარს აქტიურად იძიებს. ბრიტანული უწყება რეგიონში მყოფ სხვა გემებს მოუწოდებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და ნებისმიერი საეჭვო აქტივობის შესახებ შესაბამის ორგანოს ოპერატიულად შეატყობინონ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე საჰაერო იერიშები მიიტანეს, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა პრაქტიკულად პარალიზებულია. თეირანს გაცხადებული აქვს, რომ მიზანში ამოიღებს ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გავლას შეეცდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში რეგიონში მსგავსი ინციდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.




























