მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობა შერჩევითად დაიშვება - ევროპა და იაპონია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მზად არიან

ჰორმუზი

ევროპულმა ქვეყნებმა და იაპონიამ განაცხადეს, რომ მზად არიან ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების გაუმჯობესების ძალისხმევას მხარი დაუჭირონ, რადგან ირანთან ომი გადაზიდვებს კონკრეტული სამხედრო როლის გამოკვეთის გარეშე კვლავ აფერხებს.

ერთობლივ განცხადებაში დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა და იაპონიამ კომერციულ გემებზე თავდასხმები დაგმეს და განაცხადეს, რომ საწყლოსნო გზაზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად და გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის ხელშესაწყობად მზად არიან.

ამავდროულად, საზღვაო მონაცემები აჩვენებს, რომ სრუტე სრულად არ ჩაკეტილა. მარტის პირველ ორ კვირაში საწყლოსნო გზა დაახლოებით 90-მა გემმა (მათ შორის ნავთობმზიდებმა) გადაკვეთა. ეს მაჩვენებელი ნორმალურ დონეზე ბევრად დაბალია, თუმცა მიანიშნებს, რომ შეზღუდული ტრაფიკი კვლავ გრძელდება.

ანალიტიკოსების თქმით, სრუტე ახლა შერჩევით პრინციპზე მუშაობს - ზოგიერთ გემს გავლის უფლებას აძლევენ, ზოგი კი მაღალი რისკის წინაშე დგას.

კერძოდ, როგორც Euronews წერს, შეფერხებების მიუხედავად, ზოგიერთმა გემმა, ხშირად კონკრეტული პირობების დაცვით, ჰორმუზის სრუტის გავლა მაინც მოახერხა.

ირანთან დაკავშირებულმა ან იმ ქვეყნების გემებმა, რომლებიც თეირანთან კავშირებს ინარჩუნებენ, ტრანზიტი შეძლეს, ზოგიერთი კი უსაფრთხოდ გასავლელად დიპლომატიურ შეთანხმებებს დაეყრდნო.

კონფლიქტის მიუხედავად, ირანმა ნავთობის ექსპორტი გააგრძელა. სავაჭრო მონაცემები მიუთითებს, რომ ტრაფიკის შენელების მიუხედავად, მილიონობით ბარელი მაინც გაიგზავნა.

შეფერხებამ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე იმოქმედა: ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა, ხოლო გადაზიდვის ტარიფებმა მოიმატა, რადგან მზღვეველებმა და ოპერატორებმა სრუტეში ცურვის რისკები გაითვალისწინეს.

ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მარშრუტია, რომელზეც გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი და სპარსეთის ყურიდან თხევადი ბუნებრივი აირის საკვანძო ექსპორტი გადის.

შეგახსენებთ, რომ ჰორმუზის სრუტეში კრიზისი 28 თებერვალს დაიწყო, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე დარტყმები განახორციელეს, რამაც სპარსეთის ყურეში გადაზიდვის მარშრუტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მყისიერი შეშფოთება გამოიწვია.

რამდენიმე დღეში ტანკერები დაზიანდა და გაზრდილი რისკების გამო გადამზიდავმა კომპანიებმა რეისების გადადება დაიწყეს.

გადაზიდვების მონაცემების მიხედვით, ათობით გემმა სპარსეთის ყურის წყლებში მოძრაობა შეანელა ან შეაჩერა, ბევრმა კი რეისები გადადო, რადგან ოპერატორები თავიდან აფასებდნენ ვიწრო გასასვლელის ტრანზიტის უსაფრთხოებას.

კონფლიქტის დაწყების დღიდან ამ ტერიტორიაზე სულ მცირე 20 გემზე განხორციელდა თავდასხმა.

ირანის გაფრთხილებით, თუ მის ტერიტორიაზე თავდასხმები გაგრძელდება, სამიზნეში ამოიღებს იმ გემებს, რომლებიც სრუტის გადაკვეთას შეეცდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები