მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰუალინგის თიზ-ის რეკომენდაციები სახელმწიფოს და შეღავათები ბიზნესს

5ea06bdf11989
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.20 09:00
2703
ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე BM.GE-სთან საუბრისას ადგილობრივი წარმოებებისთვის უპრეცენდენტო შეღავათებს აანონსებს და სახელმწიფოს საგადასახადო კუთხით ლიბერალიზაციისკენ მოუწოდებს.

როგორც სოსო ნიბლაძე აცხადებს, პოსტკრიზისულ პერიოდში ადგილობრივ წარმოებებს გარკვეული დროის განმავლობაში მხარდაჭერა დასჭირდებათ, მით უფრო მაშინ როდესაც ხელისუფლება ადგილობრივი მეწარმეების წახალისების პროგრამას აანონსებს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებში თიზ-ებმა თავისი წვლილი შეიტანონ.

„ჰუალინგის ქუთაისის თიზ-მა, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და 36 ჰექტარს მოიცავს, გამოვხატეთ მზადყოფნა რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფრასტრუქტურა - სამრეწველო თუ სასაწყობე დანიშნულების შენობები, თავისი კომუნიკაციებით, უპრეცენდენტო შეღავათებით შევთავაზოთ ქართველ მეწარმეებს ან გადამუშავების სექტორს, იმდენად რამდენადაც ქართული წარმოების განვითარება, როგორც ადგილობრივი მომარაგების ისე შემდგომი საექსპორტო პოტენციალის განვითარების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება.

უნდა განისაზღვროს ინდუსტრიების ჩამონათვალი, რომელსაც საქართველოში განვითარების რესურსი აქვს და მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ მათი მხარდაჭერა“, - აცხადებს სოსო ნიბლაძე.

ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი იმ საჭიროებებზე საუბრობს, რომელიც ადგილობრივი წარმოებების ფუნქციონირებისთვის არის მნიშვნელოვანი, იქნება ეს ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა, ნედლეული, თუ ლოგისტიკა.

„ეს ყველაფერი კი დაკავშირებულია ნედლეულთან და ლოჯისტიკასთან. ფინანსურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც ნედლეული, ასევე მისი მიწოდების არხები. აქცენტირება უნდა გავაკეთოთ შეგვიძლია თუ არა კონკურენტული ფასებით მსოფლიო ბაზრისთვის პროდუქციის შექმნა, ეს არ არის რთული განსასაზღვრი.
ამასთან, ჩვენ ამისთვის კვალიფიცირებული ადამიანური რესურსი უნდა გვეყოს.

ადგილობრივ წარმოებებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ შეღავათებს, აქ საუბარია პრაქტიკულად არაკომერციულ შეთავაზებაზე და ვალდებულებების გადადებაზე, იგივე ქირავნობის თუ ა.შ. ჩვენ მზად ვართ შევუმსუბუქოთ ერთი მხრივ, ფინანსური ტვირთი და მეორე მხრივ, დროის მოგება, იმისთვის, რომ წარმოების პროცესი სწრაფად ამოიქოქოს.

ვეცდებით, მაქსიმალურად მოვერგოთ სამთავრობო ინიციატივის ფარგლებში კონკრეტულ პროექტებს. ზოგს შეიძლება ერთი კომპონენტი აინტერესებდეს ამ პირობების, ჩვენ მოქნილები ვიქნებით“, - აცხადებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი.

სოსო ნიბლაძე აღნიშნავს, რომ ამ მხრივ სახელმწიფომ თიზ-ებს საგადასახადო შეღავათები უნდა დაუწესოს, იმისთვის რომ რომ თიზ-ებმა შეძლონ ადგილობრივი წარმოებების ხელშეწყობა.

„განსაკუთრებით საუბარია 4%-იან გადასახადზე, რომელიც არის ქართული ნედლეულის თიზ-ში შეტანაზე. თუ გინდათ, მხარაჭერა შევძლოთ, ეს მექანიზმი დროებით მაინც უნდა მოიხსნას. ასევე საშემოსავლო გადასახადის კუთხითაც ლიბერალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ამ მხრივაც იქნება სტიმულირება.

ყოველივე ეს დიდ ასპარეზზს გაგვიხსნის, რომ ვიმუშაოთ არამხოლოდ ქართველ მეწარმეებთან, არამედ პოსტკრიზისულ პერიოდში საგარეო ფრონტზე ისეთი ინვესტორების შემოყვანაზე, რომლებიც ქართველ მეწარმეებთან პარტნიორულ ურთიერთობაში შევლენ“, - უთხრა BM.GE-ს სოსო ნიბლაძემ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები