უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერის დმიტრო პლეტენჩუკის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ამოქმედდა დროებითი დერეფანი, რასაც უკრაინა "ჰუმანიტარულ დერეფანს" უწოდებს, უკრაინის პორტებიდან შვიდი ხომალდი გავიდა.
უკვე თვეზე მეტია მოსკოვმა დატოვა შავი ზღვის ნავსადგურებიდან მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება, რომელიც 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში გააფორმეს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით. შეთანხმება ითვალისწინებდა უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლებას. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთიც და უკრაინაც მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. თავის მხრივ, რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს ამოიწურა.
რუსეთი შეთანხმების სანაცვლოდ ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას და Россельхозбанк-ის საგადასახადო სისტემა SWIFT-ში დაბრუნებას ითხოვდა.