იემენში ბაზირებული პოლიტიკური ორგანიზაციის, “ჰუსიტთა მოძრაობის” ბოლოდროინდელი შეტევების ფონზე სუეცის არხის შემოსავალმა 40%-ით იკლო. შემოსავლის კლება, უმეტესწილად, ტვირთბრუნვის 30%-იანი შემცირებითაა განპირობებული, რასაც, თავის წილ, ის იწვევს, რომ გადამზიდავი კომპანიები წითელ ზღვაში შესვლაზე უარს ამბობენ და სანაცვლოდ, აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ. თუ გასული წლის იანვრის დასაწყისში, სუეცის არხმა 777 გემი გაატარა, წელს არხით 544-მა გემმა ისარგებლა.
სუეცის არხი, როგორც ცნობილია, ეგვიპტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტს წარმოადგენს, რომლითაც ქვეყანაში უცხოური ვალუტა შედის და ეგვიპტური გირვანქის გაცვლით კურსს აბალანსებს. ამასთან, სუეცის არხი მნიშვნელოვანია გლობალური ლოგისტიკური ჯაჭვისთვისაც, რაც იმითაც დასტურდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წითელი ზღვის პატრულირებაზე პასუხისმგებლობა აიღო, რის შემდეგაც “ჰუსიტთა მოძრაობის” წინააღმდეგ რამდენიმე სამხედრო იერიში მიიტანა.
საინტერესოა, რომ "ჰუსიტთა მოძრაობის" იერიშების გააქტიურებამდე, ბოლო წლებში, სუეცის არხის შემოსავალი მნიშვნელოვნად იზრდება. თუ ფისკალურ 2022 წელს არხის მმართველმა კომპანიამ $7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, ფისკალურ 2023 წელს ამ მაჩვენებელმა $9.4 მილიარდი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ წითელ ზღვაში “ჰუსიტთა მოძრაობა” ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა. მოძრაობის წევრები ღიად უჭერენ მხარს პალესტინას და “ჰამასს” და, როგორც თავად ამბობენ, ყველაფერს გააკეთებენ ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელების დასაცავად.