2022 წლის პირველ კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.5%-ით შემცირდა.
სავაჭრო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული დაზუსტებული მონაცემები 0.1 პროცენტული პუნქტით აღემატება წინასწარ მონაცემებს და 0.2 პროცენტული პუნქტით - Dow Jones-ის ანალიტიკოსების პროგნოზს.
ექსპერტების შეფასებით, მშპ-ს მაჩვენებლის შემცირების განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი წლის დასაწყისში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების გავრცელება, რეგულაციების დაწესება, ინფლაციის დონის ზრდა და რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტის ფონზე სურსათის, საქონლისა და ენერგოპროდუქტების მკვეთრი გაძვირებაა.
ეკონომისტთა ნაწილი -1.5%-იანი შედეგის გამომწვევ მიზეზად საბაზო ეფექტსაც ასახელებს, რაც 2021 წლის პირველ კვარტალში კოვიდ-რეგულაციების გაუქმების შემდეგ ეკონომიკის სწრაფი აღდგენით იყო განპირობებული.
უოლ-სტრიტის უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციების ვარაუდით, მიმდინარე წლის ბოლოს აშშ-ის ეკონომიკის რეცესიულ მდგომარეობაში გადასვლის შანსები საკმაოდ დაბალია, თუმცა არა ნულოვანი.
Goldman Sachs-ის შეფასებით, წელს აშშ-ის ეკონომიკის შემცირების 35%-იანი შანსია; Deutsche Bank-ის ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ რეცესიის მცირე მაჩვენებელი, შესაძლოა, 2023 წლის ბოლოსა და 2024 წლის დასაწყისში დაფიქსირდეს.




























