დღეს 4 ივლისია - დღე, როცა ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობას ზეიმობს. 1776 წლის 4 ივლისს მეორე მოწვევის კონტინენტურმა კონგრესმა დამოუკიდებლობის დეკლარაციის რატიფიცირება მოახდინა, რითაც დედამიწაზე ახალი სახელმწიფო - ამერიკის შეერთებული შტატები გაჩნდა. იმდროინდელ და დღევანდელ ამერიკას ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო სიძლიერის კუთხით, ფაქტობრივად, არაფერი აქვს საერთო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ფუნდამენტი, რომელიც ქვეყნის დამფუძნებელმა მამებმა შექმნეს, შესაბამისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო ჩამოყალიბებულიყო.
დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში 335 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 5%-ია. თუმცა ამ მცირე პროპორციის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის მოცულობა 26 ტრილიონი დოლარია, რაც გლობალური ეკონომიკის მეოთხედს უდრის. გამოდის, რომ ამერიკელები, რომლებიც პლანეტის მოსახლეობის 5%-ს წარმოადგენენ, საერთო დოვლათის მეოთხედს ქმნიან, რაც საუკეთესო შედეგია. ამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში 700-ზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, რაც ასევე უპრეცედენტო რიცხვია. მილიარდერებთან ერთად, ამ ქვეყანაში არაერთი ისეთი კომპანია შეიქმნა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა, რაზედაც ისიც მიუთითებს, რომ საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უდიდესი 100 კომპანიიდან 56 ამერიკულია.
როგორ მიაღწია 248-წლიანი ისტორიის მქონე სახელმწიფომ გლობალურ დომინაციას, ანუ როგორ იქცა ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოდ? იმისთვის, რომ ამ კითხვას ვუპასუხოთ, უნდა გავიხსენოთ, თუ რა ხდებოდა მსოფლიოში მაშინ, როცა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ეს ახალი ქვეყანა შეიქმნა. იმ დროს, დომინანტებად ევროპული კოლონიზატორები გვევლინებოდნენ, რომელთაგან უპირატესი ბრიტანეთის იმპერია იყო, რომელიც XVI-XX საუკუნეებში ჭეშმარიტ ტიტანად ითვლებოდა, რომელიც მსოფლიო ვაჭრობის დე ფაქტო ჰეგემონი იყო. თუმცა ბრიტანეთის იმპერიასთან ერთად, მსოფლიო დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში დიდ როლს საფრანგეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები ასრულებდნენ.
თუმცა ეკონომიკური მოდელი, რომელიც ბრიტანეთის იმპერიას კოლონიებში ჰქონდა დანერგილი, როგორც ჩანს, არამდგრადი იყო, რადგან იმპერიის ცენტრისგან მცხოვრებ ხალხებს არ სურდათ, გადასახადები ისე გადაეხადათ, რომ ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრაში საკუთარი წვლილი არ შეეტანათ. ლონდონში ეს საკითხი დიდად არავის ადარდებდა, რაზედაც ის არაერთი გადასახადი მიუთითებს, რომელიც იმპერიამ ჩრდილოეთ ამერიკის 13 კოლონიაში მცხოვრებ ადამიანებს დაუწესა, როგორც შაქარზე და მელასაზე, ასევე ქაღალდზე, მინაზე, საღებავზე და ჩაიზე - ამ უკანასკნელმა, მომავალი ამერიკელი განსაკუთრებით გააბრაზა. შედეგად, მივიღეთ რევოლუცია, რომელსაც დამოუკიდებლობის გამოცხადება და რვაწლიანი ომი მოჰყვა. ომში თავისუფლების იდეამ გაიმარჯვა და ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნად ჩამოყალიბდა.
არსებობის პირველ წლებში, ამერიკული ეკონომიკის საყრდენად სოფლის მეურნეობა გვევლინებოდა, რადგან ქვეყნის დასავლეთში და სამხრეთში არსებული მიწები მეტად ნოყიერი გამოდგა, რამაც ამერიკელებს ბამბის, თამბაქოს და სხვადასხვა ნედლეულის წარმოების და ექსპორტზე გატანის საშუალება მისცა. თუმცა ნამდვილ ეკონომიკურ სუპერძალად გადაქცევაში ამერიკას ტექნოლოგია დაეხმარა, რომელმაც პირველად თავი სწორედ სოფლის მეურნეობაში ამოყო. მანამ, სანამ ამერიკელი გამომგონებელი, ილაი უიტნი 1973 წელს ბამბის საწმენდ მანქანას გამოიგონებდა, ამერიკული ბამბა, როგორც ასეთი, ექსპორტზე მიზერული რაოდენობით გადიოდა, მაგრამ ტექნოლოგიური რევოლუციიდან რამდენიმე წელიწადში მოხდა ისე, რომ ლივერპულის პორტში, რომელიც იმ დროს ბამბის გლობალური ჰაბი იყო, უმეტესწილად სწორედ ამერიკული პროდუქტი შედიოდა.
თუ XVII-XVIII საუკუნეებში ამერიკის შეერთებული შტატებში ყველაზე დიდ დოვლათს სოფლის მეურნეობა აგენერირებდა, 1860-იანი წლებიდან ქვეყნის ძრავად - ინდუსტრია იქცა. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ჯონ დევისონ როკეფელერმა საკუთარი ნავთობმომპოვებელი კომპანია დააფუძნა. თუმცა ნავთობის მოპოვების გარდა, ქვეყანაში წარმოუდგენელი სისწრაფით განვითარდა ტექსტილის წარმოება და მეტალურგია, ხოლო ქვეყანა ლიანდაგებით დაიქსელა, რამაც შტატები ერთმანეთთან დააკავშირა და ვაჭრობა გაამარტივა. როკეფელერთან ერთად, ამ დროის ერთ-ერთ სახედ ამერიკელი ანტრეპრენიორი, ჰენრი ფორდი შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელმაც წარმოებაში რევოლუცია შეიტანა, რომლის შემდეგ ნიუ-იორკი, ჩიკაგო და დეტროიტი გლობალურ ინდუსტრიულ სუპერქალაქებად ჩამოყალიბდა.
აი, ასე მივედით მეორე მსოფლიო ომამდე, სადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ჭეშმარიტი სიძლიერე გამოაჩინა. თუ ევროპული სახელმწიფოების ეკონომიკა ომის შემდეგ ფაქტობრივად განადგურდა, ამერიკელებმა ეს პერიოდი ქვეყნის განვითარებისთვის გამოიყენეს, ხოლო ქვეყანა ჭეშმარიტ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო სუპერძალად ჩამოყალიბდა. ცხადია, ვერც იმას დავივიწყებთ, რომ ევროპის ეკონომიკის აღდგენაში ლომის წილი სწორედ ამერიკაში შემუშავებულ “მარშალის გეგმას” მიუძღვის. ევროპის აღდგენასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში “კაპიტალიზმის ოქროს ხანა” დაიწყო, რომელიც მაღალი ეკონომიკური ზრდით, დაბალი უმუშევრობით, გაზრდილი ცხოვრების დონით და წარმოუდგენელი ტექნოლოგიური გარღვევებით ხასიათდებოდა. ეკონომიკის ზრდა გადაჯაჭვული აღმოჩნდა ე.წ. “ბეიბი ბუმზე”, რამაც ამერიკის მოსახლეობა გაზარდა და ქვეყნის შემდგომი განვითარების საფუძველი შექმნა.
მოდი, საკითხი გავამარტივოთ და ჩამოვთვალოთ ის ძირითადი ფაქტორები, რომელთა დამსახურებით ამერიკის შეერთებული შტატების ფენომენი - შესაძლებელი გახდა. პირველ რიგში, ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა უნდა ვახსენოთ, რომელიც სამი ძალაუფლების დამოუკიდებლობას ეფუძნება. დამფუძნებელი მამები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ძალაუფლება ერთმანეთისგან აბსოლუტურად განცალკევებული უნდა იყოს და ეს პრინციპი დღესაც უცვლელია, რაც ეკონომიკური დოვლათის მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიად აქცევს.
თუმცა ქვეყნის მოწყობის გარდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნების ტექნოლოგიური და ინოვაციური ინფრასტრუქტურა, რომელიც ამერიკელების არამხოლოდ ფიზიკური, არამედ გონებრივი უპირატესობაა, რადგან ამერიკელებმა და ამერიკაში ჩასულმა სხვა ეროვნების ადამიანებმა იციან, რომ ამ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველაფერი არის შესაძლებელი. ამერიკის შეერთებული შტატების ტექნოლოგიური უპირატესობა განსაკუთრებულად ჩანს კალიფორნიაში მდებარე სილიკონის ველზე, სადაც წლების განმავლობაში იდეები უმნიშვნელოვანეს გამოგონებებად გარდაქმნილან. ასეთი გამოგონებების ჩამონათვალში ხვდება, როგორც ინტერნეტი და მიკროპროცესორი, ასევე პერსონალური კომპიუტერი, სმარტფონი და სოციალური ქსელი.
თუმცა ჭეშმარიტი ტექნოლოგიური რევოლუცია როდი შედგებოდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიწა-წყალი ბუნებრივი რესურსებით დალოცვილი რომ არ ყოფილიყო. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარე ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მოიპოვება ფაქტობრივად ყველაფერი, რასაც დღეს ღირებულება აქვს, მათ შორის ნავთობი და გაზი, ქვანახშირი, ძვირფასი და ფერადი ლითონები, მინერალები, ხე-ტყე და წყალი. ამასთან, ეს ქვეყანა, რომელშიც ფაქტობრივად ყველა ტიპის ბუნებრივ რელიეფსა და ჰავას ვხვდებით, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული დანიშნულებაა პლანეტაზე.
როგორც აღვნიშნეთ, ამერიკის ისტორია სოფლის მეურნეობის განვითარებით დაიწყო. თუმცა ეს ინდუსტრია, როგორც იცით, ერთ-ერთ ყველაზე ძველია მსოფლიოში, რის გამოც სოფლის მეურნეობას აბსოლუტურად ყველა ხალხი ავითარებდა, მათ შორის ისინიც, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ. რეალურად კი, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიური სფეროა, რომელიც უკიდეგანო ინვესტიციებს მოითხოვს, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით. განათლება, მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერი ინდუსტრიის საყრდენია და ამერიკაში ამას შესანიშნავად ხვდებიან, რის დასტურად ისიც გამოდგება, რომ მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტიდან 56 სწორედ ამ ქვეყანაში მდებარეობს.
თუმცა ყველა ამ მიზეზთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებს კიდევ ერთი კონკურენტული უპირატესობა აქვს, რომელიც მას ყველა სხვა სახელმწიფოსგან გამოარჩევს. ეს უპირატესობა - სრული სამხედრო დომინაციაა, რომელსაც ატომური იარაღის, უძლიერესი სამხედრო სტრუქტურის და მმართველობის და უბადლო სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის კომბინაცია განაპირობებს. სხვადასხვა მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო არსენალში 3,750 აქტიური ბირთვული ქობინა ირიცხება, ხოლო თავად ქვეყანა ბირთვულ პროგრამაზე ყოველწლიურად ათობით მილიარდ დოლარს ხარჯავს. ამასთან, აშშ-ის ჯარში სამ უნიკალურ მოწყობილობას ვხედავთ, ესენია სტელსის ტიპის ბომბდამშენი B-2 Spirit-ი, მსოფლიოს უძლიერესი და დაუმარცხებელი ავიაგამანადგურებელი, F-22 Raptor-ი და ჯერალდ რუდოლფ ფორდის კლასის ავიამზიდი, რომელიც ერთგვარი მოძრავი კუნძულია…
დღეს, ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობას ამერიკასთან ერთად, სხვა ქვეყნებშიც აღნიშნავენ, რადგან ბევრისთვის, ეს ქვეყანა სამხედრო უსაფრთხოების, პოლიტიკური სტაბილურობის და ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტორად ითვლება. არსებობენ ქვეყნები, რომელთაც განსხვავებულ აზრი აქვთ, მაგრამ არსებობს ჭეშმარიტება, რომელზედაც აბსოლუტურად ყველა თანხმდება. ეს ჭეშმარიტება კი ისაა, რომ დაფუძნებიდან 248 წელიწადში, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც მსოფლიოს უძლიერესი და ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოა.