ჩვენი მეზობელი სომხეთი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში კავკასიაში რუსული პოლიტიკის გამტარებელ სახელმწიფოდ ითვლებოდა, რუსული ორბიტიდან გავიდა, განვითარების ვექტორი მკვეთრად შეცვალა და აწმყოც და მომავალიც დასავლეთს დაუკავშირა. გასულ კვირას, სომხეთის მთავრობამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად შესაბამისი კანონი მიიღო, ხოლო ამ კვირაში, სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს.
დოკუმენტი, რომელსაც აშშ-ის დედაქალაქში ხელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოაწერეს, გულისხმობს, როგორც დემოკრატიის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საერთო ღირებულებების ხელშეწყობას, ასევე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ხელშეწყობას, სამხედრო კუთხით თანამშრომლობას და ორი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წახალისებას.
მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება ის გადაწყვეტილებაა, რომელიც, წესით და რიგით, ყველა მცირე ზომის სახელმწიფოს უნდა სურდეს. შეერთებულ შტატებს და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს ჩამოყალიბდა, ანუ მას შემდეგ, რაც სომხეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. მას შემდეგ, სომხეთის ეკონომიკური წინსვლისთვის, ქვეყანაში სიღარიბის შესამცირებლად და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის შტატებმა ასობით მილიონი დოლარი გამოყო.
ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა, მართალია, უმეტესწილად, ეკონომიკური თანამშრომლობის წახალისებას ისახავს მიზნად, მაგრამ დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სამხედრო დახმარებასაც. ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც NATO-ში მუდმივი პრაქტიკის მქონე უძლიერესი ჯარისკაცებით და ყველაზე მძლავრი ტექნოლოგიებით აღჭურვილი არსენალი აქვს, სომხეთში და სომხების ჩართულობით სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს, რაც ქვეყნის ჯარს განავითარებს.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთში სასაზღვრო პატრულის ჯგუფის განთავსებას გეგმავს. გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია, ხოლო თავად სომხეთი ისტორიულად ტერიტორიულ დავებში მყოფი ქვეყანაა, ქვეყანაში ამერიკული სასაზღვრო პარტრულის არსებობა, წესით და რიგით, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნების წინაპირობა იქნება.
სომხეთი, რომელიც ტერიტორიულად მცირე სახელმწიფოა, განსაკუთრებული ეკონომიკით არ გამოირჩევა. დღეს, სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი $25.4 მილიარდია, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით $8,575-ის ტოლია. ინფლაცია სომხეთში 3.1%-ის ფარგლებში დასტაბილურდა, რაც, დიდწილად, 2022 წელს 10.75%-მდე გაზრდილ რეფინანსირების განაკვეთს უკავშირდება. ქვეყნის ეკონომიკა ჯანსაღი 6%-ით იზრდება, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერაც სიღარიბეში და უსამსახუროდ ცხოვრობს. სომხეთის ეკონომიკის წამყვან დარგებს შორის IT სექტორს, წარმოებას და სოფლის მეურნეობას ვხვდებით.
თუკი რიცხვებს დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ სომხეთის ეკონომიკა და მისი განვითარების პერსპექტივა არ არის ის მთავარი მიზეზი, რომლის გამო ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდა. თუ დავფიქრდებით, ურთიერთობის განვითარებას, უმეტესწილად, სამხედრო ფესვები აქვს. სომხეთი მცირე ზომის სახელმწიფოა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქვეყანა სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და თან, აშშ-ის გაცხადებულ მტერს, ირანს ესაზღვრება, რაც სომხეთს იდეალურ ადგილად აქცევს ამერიკული სამხედრო ბაზის მოსაწყობად.
ამასთან, მნიშვნელოვანია საქართველოს ფაქტორი, რომელმაც, ბოლო დროს, კურსი მკვეთრად იცვალა, რასაც ჩვენს ქვეყანას და ამერიკას შორის მრავალი წლის წინ გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმება და ურთიერთობების გადახედვა მოჰყვა. მოგვიანებით, აშშ-ის სახელმწიფო ხაზინამ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა. ურთიერთობა, შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს, რადგან აშშ-ის კონგრესში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დამატებით ზომებს განიხილავენ.
შედეგად, არსებობს ვარაუდი, რომ კავკასიის რეგიონში, სომხეთმა, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სწორედ ის ფუნქცია შეასრულოს, რასაც ათწლეულების განმავლობაში საქართველო ასრულებდა. ამ მოსაზრებას ბოლო დროს სომხეთის ნაცნობად გადაქცეული ისტორიული მოკავშირის, რუსეთის ფედერაციის პოზიციას ამყარებს. როგორც ვლადიმირ პუტინის მდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, სომხეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს კავკასიის რეგიონში მუდმივი არასტაბილურობა სურს.
ის, რაზედაც ამ დრომდე ვისაუბრეთ, უმეტესწილად ეკონომიკას და სამხედრო სფეროს ეხებოდა და ორივე ეს მიმართულება ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობისთვის კრიტიკულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც, ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სომხეთი, რომლის მოსახლეობა დაახლოებით სამი მილიონია, ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლის დიასპორა თავად ქვეყანაზე მოცულობითია. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ორ მილიონამდე სომეხი ცხოვრობს, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 0.5%-ის ტოლია.
ამერიკის შეერთებულ შტატებს და სომხეთს შორის კულტურული ერთობა მე-19 საუკუნეში დაიწყო, როცა ბევრმა სომეხმა დედამიწის მეორე ბოლოში მდებარე სახელმწიფოს უკეთესი ცხოვრებისთვის მიაშურა. იმ დროს, სომხები ძირითადად ორ შტატში — კალიფორნიაში და მასაჩუსეტში დასახლდნენ და მრავალმხრივ საქმიანობას მიჰყვეს ხელი. დღეს, გავლენიან ამერიკელებს შორის არაერთ ეთნიკურად სომეხს ვხვდებით, მათ შორის არიან, როგორც ანტრეპრენიორები კიმ კარდაშიანი, ალექსის ოჰანიანი და კირკ კერკორიანი, ასევე მუსიკოსები შერი და სერჟ ტანკიანი. საინტერესოა, რომ 1983-1991 წლებში, კალიფორნიის გუბერნატორიც ეთნიკურად სომეხი პოლიტიკოსი, ჯორჯ დეუკმეჯიანი იყო.