საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ყველაზე მჭიდრო მოკავშირესა და პარტნიორთან ურთიერთობა პირველად კითხვის ნიშნის ქვეშ წელს დადგა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი ქვეყნის დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის სანქცირებულია. თუმცა, უცნობია იმ პირთა სია, რომლებიც ამ ჩამონათვალში მოხვდნენ. ასევე, აშშ-ში ინიცირებულია ორპარტიული MEGOBARI Act (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).
არადა, აშშ საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური მხარდამჭერია. კერძოდ, საქართველოს აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებით, საქართველოსთან პარტნიორობის 32-წლიანი პერიოდის განმავლობაში ამერიკას ქვეყნისთვის 6 მლრდ დოლარზე მეტის დახმარება აქვს გაწეული.
ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია დახმარება უსაფრთხოების ნაწილშია. თუმცა, გარდა ამისა, იყო კონკრეტული, რიცხვებში გაზომვადი ნაბიჯები 2008 წლის რუსეთის მიერ საქართველოში დაწყებული ომის შემდეგ
- „კონგრესის კვლევითი სამსახურის“ ანგარიშის თანახმად, 2008-2009 ფისკალური წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების დახმარება 1 მილიარდზე მეტი იყო.
- ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარება - 38 მილიონი დოლარით განისაზღვრა.
- საქართველომ ამ პერიოდში მიიღო კიდევ 100 მილიონი დოლარი „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან“ (MCC).
სხვა დახმარება:
- 2010 წლიდან 2016 წლამდე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარება წელიწადში, საშუალოდ, 77 მილიონი დოლარი იყო.
- 2010-2017 საბიუჯეტო წლებში, არასამხედრო მიზნებისთვის, ფინანსური დახმარება წლიურად, საშუალოდ - 60 მილიონი დოლარი იყო.
- 2018 წელს, საქართველომ ამერიკისგან, ასევე არასამხედრო მიზნებისთვის - 70.8 მილიონი მიიღო.
- 2019 წელს, ამერიკის კონგრესმა, არასამხედრო მიზნებისთვის, საქართველოს 89.8 მილიონი გამოუყო.
სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ინფორმაციით, 1992-დან USAID-ის დახმარება 133.5 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო კოვიდთან ბრძოლის ხაზით - 27.2 მილიონს.
აშშ საქართველოს ფინანსურ დახმარებას შეწყვეტს? - რობინ დანიგანის პასუხი
როგორია საქართველოსა და აშშ-ის შორის ეკონომიკური კავშირები რიცხვებში? bm.ge-მ სტატისტიკური მონაცემები შეკრიბა:
ვაჭრობა
საქართველოსა და აშშ-ს შორის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვა 781 მლნ აშშ დოლარიდან 640.4 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.
შემცირება იმპორტის წილითაა განპირობებული ხოლო ექსპორტი 89.1%-ით არის გაზრდილი.
TOP-5 საექსპორტო პროდუქტი:
- ფეროშენადნობები - 19.6 მლნ აშშ დოლარი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2.9 მლნ აშშ დოლარი;
- საფრენი აპარატები - 2.69 მლნ აშშ დოლარი;
- შავი ლითონისგან დამზადებული მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 2.6 მლნ აშშ დოლარი;
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 2.3 მლნ აშშ დოლარი.
აშშ-დან იმპორტმა 2024 წელს 601.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - 549,9 მლნ აშშ დოლარი;
- თხილი და სხვა კაკალი - 7.2 მლნ აშშ დოლარი;
- კოსმეტიკური საშუალებები - 2.7 მლნ აშშ დოლარი;
- კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 2.4 მლნ აშშ დოლარი;
- მოტოციკლები და ველოსიპედები - 2.3 მლნ აშშ დოლარი;
აშშ-საქართველოს შორის ვაჭრობის მაქსიმუმი 2.1 მლრდ გასულ 2023 წელს დაფიქსირდა.
FDI
გასულ წელს აშშ ინვესტიციების კუთხით მეოთხე ადგილზე იყო.
2023 წელს ამერიკიდან 153.5 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 13%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. 2022 წელს აშშ-დან 176.5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.
გასული წლის მონაცემებით FDI-ში აშშ-ს წილი 9.6%-ია.
ფულადი გზავნილები
ეროვნული ბანკის გასული წლის მონაცემებით საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილებით აშშ მესამე ადგილზე იყო 456.3 მლნ აშშ დოლარით.
გასულ თვეში კი, აშშ-დან 47.220 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.