მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში ელექტროენერგიის მოხმარება და გენერაცია გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა - G&T

თელასი

Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.2%-ით გაიზარდა და 3.6 ტვტ.სთ. შეადგინა.

საინვესტიციო ბანკის თანახმად, აღნიშნული ზრდა ძირითადად საცალო მომხმარებლებმა განაპირობა, რომელთა მოთხოვნაც წლიურად 4.7%-ით გაიზარდა და ჯამური მოხმარების 57.3% შეადგინა. საპირისპიროდ, კლების ტენდენცია ნაჩუნდება პირდაპირი მომხმარებლების მიმართულებით, რაც ძირითადად განპირობებულია ფეროშენადნობების და მეტალების წარმოების შემცირებით. საგულისხმოა, რომ Galt & Taggart-ი უახლოეს მომავალში ამ ტრენდის შეცვლას არ ელის.

"აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად, წლიურად 10%-ით გაიაზრდა თელმიკოს მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა, ხოლო ეპ ჯორჯიას მიწოდება მცირედით წლიურად 1%-ით გაიზარდა.

ამასთან, პირდაპირი მომხმარებლების მოხმარების კლების ტენდენცია ნარჩუნდება და 2024 წლის პირველ კვარტალში წლიურად 3.3%-ით შემცირდა. კლების ტრენდი 2023 წელს დაიწყო, როცა გლობალურ ბაზრებზე ფეროშენადნობების ფასი თანდათანობით მცირდებოდა. ფასების კლება კვლავ გრძელდება და უახლოეს თვეებში ამ ტრენდის ცვლილება მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, ადგილობრივი ელექტროენერგიის ბაზარზე 2024 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი მომხმარებლების მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა არ არის მოსალოდნელი", - აღნიშნულია მიმოხივლაში.

ამასთან, ადგილობრივი გენერაცია წლიურად 6.7%-ით გაიზარდა და 3.3 ტვტ.სთ. შეადგინა, ხოლო იმპორტის მოცულობა 27%-ით შემცირდა, 0.4 ტვტ.სთ-მდე. მიმოხივლის მიხედვით, ეს დინამიკა ჰიდროსადგურების მზარდი გენერაციის შედეგია (+41.2% წლიურად), რაც, თავის მხრივ, უხვი ნალექის დამსახურებაა. ვინაიდან მზარდი იყო ჰიდროგენერაცია, დაიკლო თბოსადგურების საჭიროებამ. შედეგად, თბოგენერაცია 2024 წლის პირველ კვარტალში წლიურად 26.2%-ით შემცირდა და ჯამური გენერაციის 30.9% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იმპორტირებულ ელექტროენერგიაში 95.3% რუსეთზე მოდიოდა, რომელიც სრულად აფხაზეთის რეგიონისთვის იყო განკუთვნილი. დანარჩენი 4.7% კი - აზერბაიჯანიდან. აღსანიშნავია, რომ საშუალო საიმპორტო ფასი პირველ კვარტალში წლიურად 233.5%-ით გაიზარდა და 0.4 ცენტი შეადგინა. ზრდა გასული წლის დაბალი ბაზის გამო იყო, როცა იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან აფხაზეთის რეგიონის მოხმარების მიზნით ხორციელდებოდა, აფხაზეთი კი ელექტროენერგიას რუსეთიდან სპეციალურ ფასად იღებს.

რაც შეეხება ექსპორტს, პირველ კვარტალში ტრადიციულად, უმნიშვნელო იყო. ჯამურმა ექსპორტმა 0.02 ტვტ.სთ. შეადგინა, რაც წლიურად 1 393%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საშუალო საექსპორტო ფასი კი 6.2 ცენტი დაფიქსირდა - წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.3%-ით ნაკლები.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიის ფასი თურქეთის ბაზარზე 2023 წლის განმავლობაში მცირდებოდა და ტრენდი 2024 წლის პირველ კვარტალშიც გრძელდება, რამაც ამ ბაზრის მიმზიდველობა შეამცირა.

"მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ადგილობრივი ფასები პანდემიამდელ ფასებთან შედარებით კვლავ მცირედით მაღალია, ამ ეტაპზე, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სატრანზიტო მიმზიდველობის შესანარჩუნებლად. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს გავლით თურქეთში 0.3 ტვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა, რომელიც სრულად აზერბაიჯანიდან მოდიოდა", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები