Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება კვლავ დაღმავალ ტრენდს ინარჩუნებს და პირველ კვარტალში წლიურად 3.3%-ით შემცირდა.
გასული წლის მსგავსად, კლების მიზეზი ფეროშენადნობების და მეტალების წარმოების შემცირებაა.
"ეს კლება ძირითადად განპირობებული იყო ფეროშენადნობების და მეტალების წარმოების შემცირებით. კლების ტრენდი 2023 წელს დაიწყო, როცა გლობალურ ბაზრებზე ფეროშენადნობების ფასი თანდათანობით მცირდებოდა. ფასების კლება კვლავ გრძელდება და უახლოეს თვეებში ამ ტრენდის ცვლილება მოსალოდნელი არ არის",- აღნიშნულია მიმოხილვაში.
არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, საინვესტიციო ბანკი მიუთითებს, რომ ელექტროენერგიის ბაზარზე 2024 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი მომხმარებლების მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის.
აღსანიშნავია, რომ სექტორისთვის 2023 წელი კრიზისული იყო. მიმდინარე სტატისტიკა კი მდგომარეობის მცირე გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. დაბალი მოთხოვნისა და ფასების შედეგად, 2023 წელს, საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 280 მილიონი დოლარით, ანუ 61%-ით შემცირდა, რაც ყველაზე მკვეთრი კლება იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ქართველი ექსპორტიორების შემოსავლები ხარჯების დაფარვას ვეღარ უზრუნველყოფდა, რის შედეგადაც უმსხვილესმა ქარხნებმა საწარმოო სიმძლავრეები მინიმუმამდე შეამცირეს.
ელექტროენერგიის შემცირებული მოხმარების მიუხედავად, სექტორი პირდაპირ მომხმარებლებს შორის მოწინავე პოზიციებზე რჩება. 2024 წლის პირველ სამ თვეში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას წელსაც ჯორჯიან მანგანეზი მოიხმარდა, რამაც საერთო ჯამში 227 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა.