Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის ივლისში ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 7.4%-ით შემცირდა, ჩინურის კი 0.8%-ით გაიზარდა. შედეგად 1 ტონა ჩინური ფეროსილიკონის ფასი ივლისში 1 325 დოლარი გახდა, რაც წლიურად 0.7% შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება ევროპულ ფეროებს, 1 ტონა ფეროსილიკონის ღირებულება 1 459 დოლარი გახდა. წლიურად ფასი 5.5%-ით არის გაზრდილი.
„ფოლადისა და ნედლი პროდუქტების ფასები ევროპაში შემცირდა ზაფხულის პერიოდში შესუსტებულ აქტივობის და ისედაც დაბალი მოთხოვნის გამო. მსხვილი ცენტრალური ბანკების მიერ განაკვეთების მოსალოდნელი შემცირებები ფასებისთვის პოზიტიური იქნება, თუმცა ჩინურ ნედლეულზე მნიშვნელოვანი ეფექტი არ ექნება. ჩინეთის ეკონომიკა კვლავ ნელი ტემპით განაგრძობს აღდგენას. ამასთან, მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმილი მხარდაჭერა მე-4 კვარტლიდან გაქტიურდება, რაც ფასებისთვის პოზიტიური იქნება“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის ფეროშენადნობები ერთ-ერთი მთავარი ადგილობრივი წარმოების საექსპორტო საქონელია. 2024 წლის პირველ ნახევარში ფეროშენადნობების გაყიდვით ქვეყანამ 143 მილიონ 016 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 30.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ექსპორტის მოცულობამ 131 846 ტონა შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი რეკორდულად შემცირდა, წელს კი კლების დინამიკა დადებითად შეიცვალა. წლის პირველ ნახევარში ფეროშენადნობების მთავარი საექსპორტო ბაზრები თურქეთი, აშშ, ეგვიპტე, იტალია, ალჟირი, უკრაინა, რუსეთი, ესპანეთი, აზერბაიჯანი და ნიდერლანდები იყო.
რაც შეეხება იმპორტს, ეს მაჩვენებელი მცირეა, თუმცა გასულ წელს შემცირების შემდეგ ფეროშენადნობების იმპორტიც წელს გაიზარდა და 6 თვეში საქართვლომ 7 მილიონ 769 ათასი დოლარის ღირებულების 6 205 ტონა საქონელი იყიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში იმპორტის ღირებულება 1 მილიონ 589 ათასს დოლარს, მოცულობა კი 946 ტონას შეადგენდა. წელს საქართველოში ყველაზე მეტი ფეროშენადნობი რუსეთიდან შემოვიდა. 6 თვის წლიურ სტატისტიკას თუ შევხედავთ გასულ წელს იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში ირანი, ხოლო 2022 წლის პირველ ნახევარში უკრაინა იკავებდნენ.