მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში „მეტროპოლის“ გაყიდვებმა $24 მილიონს გადააჭარბა - ვინ ყიდულობს უძრავ ქონებას?

მამუკა იმედაშვილი

დეველოპერული კომპანია "მეტროპოლის" გენერალური დირექტორის მოადგილე მამუკა იმედაშვილი აცხადებს, რომ 2026 წლის I კვარტალში კომპანიის გაყიდვებმა, არსებულ მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

მისი ინფორმაციით, გაყიდული ბინების ღირებულებამ 24 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც გეგმის დაახლოებით 200%-იან შესრულებას ნიშნავს. ტენდენციებზე მამუკა იმედაშვილმა "საქმიან დილაში" სტუმრობისას ისაუბრა.

"დიდი სიხარულით მინდა ვთქვა, რომ პირველმა კვარტალმა ჩვენ ყოველნაირ მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიაში გაყიდვების რაოდენობამ, მოცულობამ 24 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს არის თითქმის 200%-ით შესრულება იმ გეგმისა, რაც დასახული გვქონდა. გასული წლის იგივე პერიოდს რომ შევადაროთ, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8 მილიონი დოლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წლის პირველ კვარტალში ფაქტობრივად ჩვენივე შედეგები გავასამმაგეთ”, - ამბობს ის.

ამგვარი შედეგის მიზეზად, კომპანიის გენდირექტორი ანალიზის შედეგად ორ ძირითად ფაქტორს ასახელებს: "პირველი არის ახალი გაყიდვების არხის გახსნა და ამავდროულად, ევროპელი მომხმარებლების ინტერესის მკვეთრი ზრდა. მეორე მიზეზი კი დაკავშირებულია პროექტების დასრულების ეტაპთან - ამ დროს მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა დიდი ზომის ბინებზე.

როგორც ცნობილია, წინასწარი გაყიდვების ეტაპზე მომხმარებლები ძირითადად უფრო ლიკვიდურ, მცირე ბინებზე აკეთებენ არჩევანს, თუმცა პროექტის დასრულების მოახლოებასთან ერთად ტენდენცია იცვლება. მაგალითად, ქავთარაძის პროექტში ამ წლის პირველ კვარტალში 25 დიდი ზომის ბინა გაიყიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5 ერთეულს შეადგენდა”, - აცხადებს კომპანიის გენდირექტორის მოადგილე.

მამუკა იმედაშვილის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ცვლილებაა მომხმარებელთა სტრუქტურაშიც - თუ წინა წელს ევროპელი მყიდველები პრაქტიკულად არ ჰყავდათ, წელს მათი წილი გაზრდილია: „წელს I კვარტალი დავხურეთ 85 გაყიდული ბინით. მყიდველები, ძირითადად, გერმანელები და შვეიცარიელები არიან “.

"მეტროპოლის" გენდირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ გაყიდვებში აქტიურია აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სეგმენტი, ასევე ბოლო პერიოდში გაიზარდა ინტერესიც დუბაიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები