მარტში რუსეთიდან 181 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. იანვარ-მარტში რუსეთიდან ჯამში საქართველომ 580 მლნ კვტ.სთ დენი იყიდა.
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, წელს პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან 329 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, სომხეთიდან კი 65 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის დენი ვიყიდეთ. 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან დენის იმპორტი 39%-ით არის გაზრდილი, აზერბაიჯანის შემთხვევაში კი შარშან იმპორტის მოცულობა ძალიან მცირე მხოლოდ 21 მლნ კვტ.სთ იყო.
საერთო ჯამში, იანვარ-მარტში ქვეყანამ 974 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტში ქვეყანამ 24 მლნ დოლარი გადაიხადა.
რაც შეეხება გამომუშავებას, იანვარ-მარტში ქვეყანაში თითქმის სამი მილიარდი კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია იქნა გამომუშავებული, აქედან 965 მლნ კვტ.სთ თბოსადგურების გამომუშავება იყო, 1.8 მილიარდი კი ჰიდროსადგურების (მარეგულირებელი და სეზონური ჰესები). 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თბოსადგურების გამომუშავება 17%-ით არის შემცირებული. სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება გაზრდილი ექსპორტიც. ასევე 15%-ით არის შემცირებული წლიურად ჰესების გამომუშავებაც. ჯამში ქვეყანაში დენის გამომუშავება წელს იანვარ-მარტში თითქმის 16%-ით შემცირდა. ერთადერთი ქარის სადგურის გამომუშავება ტრადიციულად უმნიშვნელო 18 მლნ კვტ.სთ იყო. რაც შეეხება მოხმარებას, პირველ კვარტალში საქართველოში თითქმის 3.7 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა.