საქართველოში იანვარ-მარტში საფრანგეთიდან ვიზიტორების მიერ შესრულებული ვიზიტების რაოდენობა შემცირდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, I კვარტალში ქვეყანაში ევროკავშირის წევრი ამ კონკრეტული ქვეყნიდან მხოლოდ 5 008 ვიზიტი შესრულდა, რაც 2024 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 130 ვიზიტით, ანუ 2.5%-ით ჩამორჩება.
უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის შემდეგ საფრანგეთიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი პირველი კვარტალის ჭრილში მზარდი იყო, თუმცა წელს კლება დაფიქსირდა. ამასთან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფო შესრულებული ვიზიტების მიხედვით TOP-15 ქვეყნის რეიტინგშიც არ გვხვდება.
- 2025 წლის I კვარტალი - 5 008 ვიზიტი;
- 2024 წლის I კვარტალი - 5 138 ვიზიტი;
- 2023 წლის I კვარტალი - 3 425 ვიზიტი;
- 2022 წლის I კვარტალი - 2 640 ვიზიტი;
- 2021 წლის I კვარტალი - 708 ვიზიტი.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყებამ ავიაკომპანია Transavia-სთან ერთობლივი თანამშრომლობით საფრანგეთიდან 8 ინფლუენსერს უმასპინძლა. ტურის მიზანი საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებაა.
მის ფარგლებში, ინფლუენსერებმა თბილისი, მცხეთა, ანანური და სტეფანწმინდა მოინახულეს, გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, კულტურასა და კულინარიას. გაცნობითი ტურის მონაწილეებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო, გაეცნენ ღვინის მომზადების წესებს.
ფრანგმა ინფლუენსერებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სოციალური ქსელებსა და პლატფორმებზე ვიდეო რგოლები, სთორები, რილსები და პოსტები მოამზადეს“, - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავიაკომპანიამ Transavia პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები აპრილიდან დაიწყო. რეისები კვირაში ორი სიხშირით სრულდება.




























