მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარ-მარტში იმპორტი 7%-ით $4.1 მილიარდამდე შემცირდა - TOP-10 საიმპორტო პროდუქტის რეიტინგი

საზღვაო გადაზიდვები

საქსტატმა 2026 წლის იანვარ-მარტის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წლის I კვარტალში ქვეყნის მიერ იმპორტირებული საქონლის მოცულობა 4.14 მილიარდი დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით არის შემცირებული.

იმპორტის კლება დაკავშირებულია ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტის შემცირებასთან. კერძოდ, პერიოდის განმავლობაში ავტოიმპორტი 632 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 26%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა ნავთობპროდუქტების იმპორტი 339 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 12%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციას იკავებს ბუნებრივი აირი 204 მილიონი დოლარით (წლიური ზრდა 6%).

მედიკამენტები იმპორტში მეოთხე ადგილს იკავებს 185 მილიონი დოლარით, მეხუთე პოზიციაზე კი ნედლი ნავთობია 118 მილიონი დოლარით. ამასთან, აღნიშნული საქონლის იმპორტი საქართველომ მხოლოდ 2025 წლის ბოლოდან დაიწყო, რაც კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმის" ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ამოქმედებას უკავშირდება.

2026 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით საქართველოს მთავარი საიმპორტო საქონლის რეიტინგი:

# საქონელი მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან
1 მსუბუქი ავტომობილები $632 მლნ დოლარი; -26%
2 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $339 მლნ დოლარი; 12%
3 ბუნებრივი აირი $204 მლნ დოლარი; 6%
4 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული $185 მლნ დოლარი; 14%
5 ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები $118 მლნ დოლარი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული საქონლის იმპორტი არ განხორციელებულა.
6 სატელეფონო და მონაცემთა გადაცემის აპარატები (სმარტფონები) $74 მლნ დოლარი; 16%
7 სპილენძის მადნები და კონცენტრატები $47 მლნ დოლარი; 156%
8 დიოდები, ტრანზისტორები და ნახევარგამტარი ხელსაწყოები (მეტწილად მზის პანელები) $41 მლნ დოლარი; 827%
9 რკინის ან ფოლადის წნელები (არმატურა) $39 მლნ დოლარი; 4%
10 ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები $37 მლნ დოლარი; 33%
11 დანარჩენი საქონელი – სულ $2,427 მლნ დოლარი; -13%

გარდა აღნიშნულია, 2026 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტის კლება დაკავშირებულია 2025 წლის იანვარში განხორციელებულ ერთჯერად ოპერაციასთან, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების საქართველოში რელოკაციას უკავშირდებოდა, რომლის მოცულობაც 482 მილიონ დოლარს შეადგენდა. აღნიშნულმა ოპერაციამ გასული წლის იმპორტის სტატისტიკის ზრდა განაპირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები