2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 722.6 მლნ კვტ.სთ-მდე გაიზარდა, რაშიც ქვეყანამ თითქმის 20 მლნ დოლარი გადაიხადა.
საანგარიშო პერიოდში ჯამში თითქმის 1.8 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია იყო გამომუშავებული, აქედან 776.5 მლნ კვტ.სთ თბოსადგურების, 994 კი ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება იყო. 2024 წელთან შედარებით გამომუშავება დაახლოებით 19%-ით არის შემცირებული. მიზეზი წელს ჰესების შემცირებული გენერაციაა.
წელს ორ თვეში მოხმარება ჯამში 2.5 მილიარდი კვტ.სთ იყო. იანვარ-თებერვალში საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტი არ ყოფილა. რაც შეეხება ფასს, თებერვალში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი 16.8 თეთრი იყო, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საქართველოს ელექტროსისტემის დადგმული სიმძლავრე 4.7 ათასი მეგავატია (აქედან 70%-ზე მეტი ჰესები), გასულ წელს დადგმულ სიმძლავრეს 50 მეგავატი დაემატა. ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის OMNIA-ს შეფასებით, საქართველოს განახლებადი რესურსების მიმართულებით რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამ შესაძლებლობის მხოლოდ 20%-ს იყენებს.