2024 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 263.4 მლნ აშშ დოლარი (704.6 მლნ ლარი) გადმორიცხეს, რაც 40.8%-ით (181.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გზავნილების შემცირება, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების შემცირებას უკავშირდება.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 97.4% მოდიოდა.
რაც შეეხება ევროკავშირს, 100.4 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გადმორიცხვების 38.1%-ია. ზრდა კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.4%-ია. მაშინ, როცა სხვა ქვეყნების ჯამური გადმორიცხვები 53.9%-ით შემცირდა.