Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებული მიმოხილვის მიხედვით, იანვარში თბილისში 2 964 ბინა გაიყიდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია.
გასული წლის იანვართან შედარებით, გაზრდილია გასაყიდი ბინის საშუალო ფასი, რომელიც მ²-ზე 1 385 დოლარს შეადგენს, წლიურ ჭრილში ზრდა 5%-ია. აღსანიშნავია, რომ იანვარში ქირა მცირედით გაძვირდა და მ²-ზე 10 დოლარი შეადგინა.
"2026 წელი დეველოპერებისთვის ძლიერი მოთხოვნით დაიწყო - გაყიდვები პირველად ბაზარზე გაიზარდა, ხოლო მეორად ბაზარზე შემცირდა. აღნიშნული სხვაობა ფასების დინამიკაშიც აისახა - პირველად ბაზარზე ფასებმა ზრდა განაგრძო, მაშინ როცა მეორად ბაზარზე შედარებით სუსტმა აქტივობამ ფასების მცირედი კლება გამოიწვია. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების მოცულობამ შემცირება იანვარშიც განაგრძო, რაც წინა პერიოდებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების ნორმალიზაციას ასახავს.
2026 წლის იანვარში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 2964 შეადგინა, აქედან მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 3.2%-ით შემცირდა და 1 350 შეადგინა.
პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 4%-ით გაიზარდა და 1614 შეადგინა. ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის იანვარში გაყიდვები მნიშვნელოვნად, წლიურად 22%-ით გაიზარდა. ზრდა მეტწილად განპირობებული იყო 2025 წლის იანვრის დაბალი ბაზით, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით იყო გამოწვეული. 2026 წლის იანვარში თბილისის ჯამურმა ბაზრის ზომამ 255 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია", - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება ფასებს, 2026 წლის იანვარში, უძრავი ქონების ფასის ზრდის ტემპი პირველად ბაზარზე მაღალ დონეზე შენარჩუნდა და თვიურად 0.9%-ით 1385 დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 1.5%-ით შემცირდა და 1296 აშშ დოლარი შეადგინა.
საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, იანვარში გაძვირდა ბინის ქირაც. კერძოდ, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი თვიურად 4.6%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 10.2 დოლარი შეადგინა, ქირის ამონაგები კი - 8.9% იყო.




























