იანვრიდან, როდესაც საპენსიო დანაზოგები კონსერვატიულ პორტფელში დაბრუნდება, ამ პორტფელის ზომა დაახლოებით 4.2 მლრდ ლარი იქნება, - ამის შესახებ მედიას საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განუცხადა.
მისი თქმით, რებალანსირების შემდეგ დაბალანსებული და დინამიური პორტფელები საკმაოდ მცირე ზომის, 36-40 მლნ ლარის ფარგლებში იქნება.
მელიქიძის თქმით, დაბალრისკიან პორფტელში დანაზოგების დაბრუნების შემდეგ, ნებისმიერ მონაწილეს შეეძლება ყოველგვარი ვადის გარეშე მოახდინოს საკუთარი დანაზოგის სასურველ პორტფელში გადატანა.
„ჩვენი, საპენსიო ფონდის და ეროვნული ბანკის, ამოცანაა, მეტი ვესაუბროთ საპენსიო სქემის მონაწილეებს. მეტად ავხსნათ თითოეული პორტფელების შემადგენლობა, რისკის პროფილი, განმასხვავებელი მახასიათებლები, რომ მონაწილეებმა ნელ-ნელა დაიწყონ სასურველი პორტფელის არჩევა. არჩევიდან 1 წელი არის ე.წ. ჩაკეტილი პერიოდი, 1 წლის შემდეგ კი, მონაწილეებს კვლავ შეეძლებათ ცვლილება. ამჟამად, საპენსიო ფონდში 4.211 მლრდ ლარია მობილიზებული. ოქტომბრის მონაცემებით, დანაზოგების უდიდესი წილი - 2.9 მლრდ მაღალრისკიან, ანუ დინამიურ პორტფელში იყო განთავსებული", - განაცხადა მელიქიძემ.