2025 წელს, იაპონიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია „Red Bridge” განახორციელებს, რომელსაც იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ხელმძღვანელობს და რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღვინის მაგისტრის, კენიჩი ოჰაშის ხელმძღვანელობით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომერციული პირებისთვის გაიმართება, მოეწყობა იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ტურები საქართველოში.
როგორც bm.ge-ის ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, იაპონიაში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ბიუჯეტი, 2025 წელს, 90 000 დოლარამდეა.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, იაპონია, ჩინეთსა და კორეის რესპუბლიკასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია აზიაში, სადაც სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს იყო. "შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan“, „Wine and Gourmet Japan“, „RAW Wine Tokyo”, „ProWein Tokyo”, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში, ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციებში, რომლებიც იაპონიის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა", - წერია სააგენტოს პრეს-რელიზში.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა 2019 წლიდან თანხობრივად მზარდია. 2024 წელს, იაპონიაში 276 მლნ აშშ დოლარის 94 681 ტონა ღვინო გავიტანეთ, 2023 წელს - 259 მლნ აშშ დოლარის 89 508 ტონა, 2022 წელს - 252,5 მლნ აშშ დოლარის 101 662 ტონა, 2021 წელს - 239,2 მლნ აშშ დოლარის 80 454 ტონა, 2020 წელს - 210 მლნ აშშ დოლარის 68 765 ტონა ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა.




























