გასული წლის ბოლოს იაპონიის ეკონომიკამ მოულოდნელი რეცესია განიცადა, რითაც მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკის პოზიციაზე ის გერმანიამ ჩაანაცვლა. Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყანაში ჩნდება მოლოდინი, რომ იაპონიის ცენტრალური ბანკი ათწლოვანი ულტრამსუბუქი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას დაიწყებს.
2023 წელს იაპონიის ნომინალური მშპ $ 4.21 ტრილიონი იყო, გერმანიის კი - $4.46 ტრილიონი.
ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის შემცირების შანსი მიმდინარე კვარტალშიც არსებობს - შემცირებული მოთხოვნა ჩინეთში, დუნე მოხმარება და Toyota Motor Corp-ის ზოგიერთ ქარხანაში წარმოების შეწყვეტა ეკონომიკისთვის გამოწვევებით სავსე გზისკენ მიუთითებს.
იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი IV კვარტალში 0.4%-ით შემცირდა, III კვარტალში კი - 3.3%-ით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის პროგნოზით, მოსალოდნელი 1.4%-იანი ზრდა იყო. ზედიზედ ორ კვარტალის განმავლობაში ეკონომიკური ვარდნა კი, ხშირ შემთხვევაში, რეცესიად ითვლება.
მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსთა ნაწილი იაპონიის ბანკისგან მონეტარული სტიმულების შემცირებას ელოდება, სუსტმა მონაცემებმა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი პროგნოზი, რომლის თანახმადაც ხელფასების ზრდა პროდუქტის მოხმარების ზრდის საყრდენი იქნება და ინფლაცია 2%-იან სამიზნე ნიშნულამდე შეინარჩუნოს.
“მშპ-ს ზედიზედ ორ კვარტალში, ხოლო ადგილობრივი მოთხოვნის ზედიზედ სამ კვარტალში შემცირება უარყოფითი პროცესია. ასეთ ვითარებაში ცენტრალურ ბანკს გაუჭირდება, საპროცენტო განაკვეთის ზრდის გამართლება”, - ამბობს Moody’s Analytics-ის უფროსი ანალიტიკოსი.
იაპონურმა იენმა აშშ დოლართან მიმართებით სტაბილურობა შეინარჩუნა, $1-ის ღირებულება კი ¥150.22-ია.