იაპონიის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით არსებული კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებას და ტურისტთა რაოდენობაზე დღიური მაქსიმალური ლიმიტის გაუქმებას გეგმავს.
საგულისხმოა, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო, დოლარი იაპონურ იენთან მიმართებით მკვეთრად გამყარდა. გაუფასურებული ეროვნული ვალუტა კი უცხოურ ტურისტთათვის განსაკუთრებით მიმზიდველია, ქვეყანაში მათი რაოდენობის ზრდა კი ეკონომიკური ზრდას ასტიმულირებს, რაც ამჟამად ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში ქვეყანაში ტურისტთა მიღების დღიური ლიმიტი 20,000 შეადგენდა, თუმცა სექტემბერში აღნიშნული ზღვარი 50,000 პირამდე გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით, ოქტომბერში მთავრობამ ლიმიტი სრულად გააუქმოს.
პანდემიამდე, 2019 წელს იაპონიას 32 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 49 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს ტურისტთა რაოდენობა მკვეთრად, 4 მილიონამდე შემცირდა, შემოსავალი კი $12 მილიარდამდე დაეცა.




























