იაპონური უპილოტო აპარატი პარასკევს მთვარის ზედაპირზე დაჯდა, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო, რომელმაც მზის ბატარეებს ელექტროენერგიის გამომუშავებაში ხელი შეუშალა, კოსმოსური აპარატი მწყობრიდან გამოვიდა.
როგორც მისიის ხელმძღვანელი განმარტავს, რობოტი, სახელად SLIM (Smart Lander for Investigating the Moon) ბატარეებზე მხოლოდ რამდენიმე საათს იმუშავებდა, შემდეგ კი შეგროვებული მონაცემების გადმოგზავნისა და დედამიწიდან სხვადასხვა ბრძანებების მიღების შესაძლებლობა აღარ ექნებოდა.
არსებობს ვარაუდი, რომ რობოტი მთვარის ზედაპირზე გარკვეული დროის შემდეგ კვლავ “გამოიღვიძებს” იმ შემთხვევაში, თუ მზესა და აპარატზე განთავსებულ მზის ბატარეებს შორის კავშირი აღდგება და ხომალდი საკმარის ენერგიას მიიღებს, თუმცა ოფიციალური პირების აზრით, ამის შანსი მცირეა.
“SLIM-ი დედამიწის სადგურთან უწყვეტ კომუნიკაციაშია და ბრძანებებსაც ნორმალურ რეჟიმში პასუხობს, თუმცა, როგორც ჩანს, მზის პანელები ელექტროენერგიას არ გამოიმუშავებენ და ოპერაციები ბატარეების მოქმედებით სრულდება. ვცდილობთ, რომ შეგროვებული მონაცემები დედამიწაზე რაც შეიძლება მალე მივიღოთ”, - ამბობს ჰიტოში კუნინაკა, იაპონიის კოსმოსის კვლევითი სააგენტოს გენერალური დირექტორი. მისივე თქმით, ბატარეები დღის ბოლომდეც ვერ გაძლებს.
ამ დრომდე, მთვარეზე წარმატებული დაშვება მხოლოდ აშშ-ის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის ლენდერებმა შეძლეს. გასულ წელს სხვადასხვა ქვეყანას მთვარის მისიის განხორციელების სამი მცდელობა ჰქონდა, თუმცა თითოეული მათგანი კრახით დასრულდა.