მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICC Georgia მთავრობას, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის დაუყოვნებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

62ad7ac4391de
ვიქტორია მღებრიშვილი
18.06.22 11:07
855
საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC Georgia) საქართველოს მთავრობას ევროკომისიის მიერ, საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროსაბჭოსადმი გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად, დაუყოვნებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ICC Georgia-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი, ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიზეზებზე საუბრობს.

საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატაში თვლიან, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები ევროსაბჭოსადმი, საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გასაკვირი არ ყოფილა.

„უკვე წლებია საქართველოში შეიმჩნევა პოლიტიკური დევნა, ყოფილ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესების შევიწროება და გაკოტრება, კრიმინალის მკვეთრი ზრდა, კორუფცია, ნეპოტიზმი და პროტექციონიზმი, უცხოელი ინვესტორების დისკრიმინაცია, ქსენოფობია, ექსტრემისტული ჯგუფების წახალისება, ადამიანის უფლებების დარღვევა, მედიის მფლობელების დევნა და მთლიანად დისფუნქციური სასამართლო სისტემა, რომელიც ხელისუფლებას ფეხქვეშ ჰყავს გათელილი, ყველაფერ ამას საერთო არაფერი აქვს ძირითად ევროპულ ღირებულებებთან.

“მიგვაჩნია, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მის მიერ დანიშნულ მთავრობას; ჩვენ ასევე გვჯერა, რომ საქართველოს ბევრ ბიზნეს-ლიდერს ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა ამჟამინდელ ვითარებაში, იმიტომ რომ წლების განმავლობაში წინ ვერ აღუდგნენ მთავრობას და საკუთარი ბიზნეს ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე პრიორიტეტულად მიიჩნიეს; ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნა ქართველების უმრავლესობის სურვილია; იმ ქართველებისა, რომლებსაც მთავრობის პოლიტიკით ატყუებდნენ ბოლო 9 წლის განმავლობაში“, - აცხადებს საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი.

ICC Georgia მიმართავს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეცვალოს თავისი არაგონივრული პოლიტიკა და მიიღოს დაუყოვნებელი ზომები ევროკომისიის რეკომენდაციების განსახორციელებლად, რათა ქართველებს მიეცეთ შანსი მალე გახდნენ ევროპის ნაწილი“, - ნათქვამია საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო სავაჭრო პალატა მსოფლიოში უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაციაა, რომელიც 46 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას აერთიანებს. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად გადის კონსულტაციებს გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G7, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები