„ჩვენ არ გვაქვს საიდუმლოები WHO-ში“, – ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა თედროს გებრეიესუსმა განაცხადა. მას საკმაოდ ემოციური ბრიფინგი ჰქონდა აშშ-ის ბრალდებებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ორგანიზაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით არცერთი ქვეყნის მონაცემები არ დაუმალავთ.
„ჩვენ არ გვაქვს საიდუმლოები WHO–ში, როგორც კი ვიღებთ ინფორმაციას, მას გავცემთ, ვინაიდან ეს სიცოცხლეს ეხება“, – აღნიშნა გებრეიესუსმა.
მან ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკური უთანხმოებები ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის მცდელობებს ხელს შეუშლის.
„იცით მე საიდანაც ვარ – მე ვიცი ომი. მე ვიცი სიღარიბე. მე ვიცი დაავადება. მე ვიცი ადამიანები როგორ იტანჯებიან ამ პირობებში. მე ვიცი, როგორ იღუპებიან ადამიანები სიღარიბის გამო“, – აღნიშნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის წყვეტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსებას, ვინაიდან მან ვერ შეძლო სათანადოდ ეპიდემიის მართვა და ზედმეტად მიენდო ჩინეთს.




























