მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IDFI საქართველოში საპენსიო ასაკის ზრდის რეკომენდაციით გამოდის

642a6d75ca0e1
თამთა ჯიჯავაძე
03.04.23 10:14
1585

IDFI საქართველოში საპენსიო ასაკის ზრდის რეკომენდაციით გამოდის. როგორც ორგანიზაციის მიერ მომზადებულ საპენსიო რეფორმის გამოწვევების შესახებ კვლევაშია აღნიშნული, პენსიონერების მზარდი რაოდენობის ფონზე ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია, მუშაობა დაიწყოს საპენსიო ასაკის გასაზრდელად საზოგადოებრივი ცნობიერების მომზადებისთვის.

„არსებული მწირი ფისკალური რესურსის პირობებში საქართველოში პენსიონერების რაოდენობის და, შესაბამისად, პენსიის როგორც ბიუჯეტის ხარჯების წილის მნიშვნელოვანი ზრდა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტაციას.

საქართველოში საპენსიო ასაკის ზრდა არ იწვევს ისეთ წინააღმდეგობას, როგორც ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, მაგ., საპენსიო სისტემის რეფორმის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე რამდენად მიზანშეწონილია საპენსიო ასაკის გაზრდა, რაც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, რომ დაზოგილი საბიუჯეტო, ისევე როგორც მოქალაქეთა მიერ დაგროვილი თანხები მოხმარდეს ეკონომიკის ზრდას, რესპონდენტთა 27.9% არ ეწინააღმდეგება საპენსიო ასაკის გაზრდას, 72.1% კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, მაშინ როცა, მაგალითად, საფრანგეთში მოსახლეობის გაცილებით დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება მაკრონის საპენსიო რეფორმას, რაც ასაკის 62-დან 64 წლამდე ზრდას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია IDFI-ს კვლევაში.

ცნობისთვის, საქართველოში საპენსიო ასაკი 65 წელია მამაკაცების შემთხვევაში, ქალების შემთხვევაში კი - 60 წელი.

IDFI-ს მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, საქართველოში 2012-2022 წლებში პენსიის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა 18%-ით (125.4 ათასი ადამიანით), მაშინ როდესაც ამავე პერიოდში ქვეყნის მოსახლეობა შემცირდა 50.7 ათასი ადამიანით, რაც მოსახლეობის 1%-იანი შემცირებაა.

„დაგროვებითი პენსიის კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2030 წლისთვის პენსიის და სოციალური დახმარების მიმღებთა საერთო რაოდენობა 1.1 მლნ.-ს მიაღწევს. 2060 წლისათვის კი, ასაკით პენსიონერთა ხარჯები საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 30% იქნება, თუ არსებული 18%-იანი ჩანაცვლების კოეფიციენტი შენარჩუნდება. ეს ცვლილებები სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს სოციალური საპენსიო სისტემის მდგრადობას“, - წერია IDFI-ს კვლევაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ სულ უფრო იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც აცნობიერებენ, რომ პენსიონერების რაოდენობის ზრდა ტვირთად აწევს ეკონომიკას და აფერხებს მის განვითარებას. კვლევაში ასევე მოყვანილია იმ ქვეყნების მაგალითები, სადაც პენსიონერების რაოდენობის ზრდასთან ერთად საპენსიო ასაკი გაიზარდა:

„საპენსიო ასაკი გაიზარდა მაგ. ნიდერლანდებში 2013 წლიდან 2022 წლამდე საპენსიო ასაკი ნელ-ნელა გაიზარდა 65-დან 67 წლამდე და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდის გამო კვლავ იგეგმება საპენსიო ასაკის ზრდა; დანიაში 2019-22 წლებში 65-დან 67 წლამდე; საფრანგეთში, 62-დან 64 წლამდე, სადაც საპენსიო ასაკის ზრდის მცდელობები საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას და მაპარალიზებელ გაფიცვებს იწვევს.

- აქტიურად დაიწყო საპენსიო ასაკის ზრდის მიმართულებით მოძრაობა, მაგ., გერმანიაში, შვედეთში, ბელგიაში, იაპონიაში, ესპანეთში.

- აქტიურად განიხილება საპენსიო წესების ცვლილება, რომ პენსიაზე გასულებს ჰქონდეთ სამსახურში დაბრუნების სტიმული, მაგ., გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში. გაერთიანებულ სამეფოში, სახელმწიფო საპენსიო ასაკის ამჟამინდელი ზღვარი (66 წელი როგორც კაცების, ისე ქალებისთვის) 67 წლამდე გაიზრდება 2028 წელს და 68 წლამდე 2046 წელს. 1978 წლის 6 აპრილის შემდეგ დაბადებულებისთვის სახელმწიფო საპენსიო ასაკის ზღვარი 68 წელი იქნება.

საქართველოში 2012-2022 წლებში ასაკით პენსიის მიმღებთა რიცხვი 125,440 ადამიანით (18.3%) გაიზარდა, ხოლო პენსია, როგორც ბიუჯეტის ხარჯების წილი -- 16%-დან 19%-მდე (1.817 მლრდ. ლარით), რაც 2023 წლის ხარჯების 21%-ს მიაღწევს“, - აღნიშნულია კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები