სომხეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, ალექსანდრე გოგოლაძე "რუსულ კანონს" გმობს. როგორც დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, პროტესტს უერთდება.
"როგორც ჩემი სამშობლოს ერთგული (მოქმედი) დიპლომატი, მე იძულებული ვარ დავარღვიო დუმილი და საჯაროდ გამოვთქვა ჩემი უთანხმოება იმ საგარეო პოლიტიკის მიმართ, რაც ხელისუფალმა შემოგვთავაზა. ბუნებრივია ვგმობ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს, ვგმობ იმ ძალადობას, რაც ხელისუფალმა დემონსტრაციულად გამოიყენა ჩვენი საზოგადოების ყველაზე სათუთ, გასაფრთხილებელ ფენაზე - ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ვერ დავრჩები გულგრილი და ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე!
მივმართავ ჩემს კოლეგა დიპლომატებს! მესმის და ვიზიარებ თქვენს მდგომარეობას, ყველა ვიბრძვით ისე, როგორც შეგვიძლია! საგარეო უწყებაში ძალიან ბევრი ღირსეული, მებრძოლი სულისკვეთების და ნამდვილი პატრიოტი მოღვაწეობს! არ მოგიწოდებთ, უბრალოდ ღრმად მწამს, რომ თქვენ გადამწყვეტ სიტყვას იტყვით!
ამ ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია!", - წერს დიპლომატი.
"რუსულ კანონს" აპროტესტებს საფრანგეთსა და რუმინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გიორგი წიქარიშვილიც, რომელიც ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მრჩეველია.
"როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და საჯარო მოხელე, ღიად ვაპროტესტებ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს. კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. როგორც საჯარო მოხელე და განსაკუთრებით, როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მომუშავე დიპლომატი, ვალდებული ვარ, რომ დავიცვა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და პირნათლად ვემსახურო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს", - დაწერა გიორგი წიქარიშვილმა სოციალურ ქსელში.