მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IEA-მ რეკორდული მოცულობის, 400 მილიონი ბარელის ნავთობის მარაგები გამოათავისუფლა

IEA

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს 32-ვე წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ ბაზარზე 400 მილიონ ბარელ ნავთობს გამოიტანს.

აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში საგანგებო რეზერვების ყველაზე მასშტაბური გამოთავისუფლებაა, რაც მიზნად ირანთან ომის შედეგად გამოწვეული მიწოდების შეფერხების დაბალანსებას ისახავს. სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმა პარიზში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ეს ერთსულოვანი გადაწყვეტილება ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გლობალური ეკონომიკის სტაბილურობის დაცვას ემსახურება. ბიროლის განცხადებით, მიუხედავად ამ ნაბიჯისა, ბაზარზე სტაბილურობის დასაბრუნებლად სრუტეში ნაოსნობის აღდგენა მაინც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ნავთობისა და გაზის მიწოდების დაახლოებით 20% სწორედ ამ დერეფანზე მოდის.

მიუხედავად ამ ისტორიული ნაბიჯისა, ენერგეტიკული ანალიტიკოსები ბაზარს აფრთხილებენ, რომ IEA-ს მაქსიმალური რესურსიც კი ვერ შეძლებს სრულად დააკომპენსიროს ის დღიური, 20-მილიონ ბარელიანი დეფიციტი, რომელიც ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ შექმნა.

შეგახსენებთ, ომის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან, ნავთობის ფასების უკიდურესი მერყეობა დაიწყო. ბრენტის მარკის ნავთობის ფასი კვირის დასაწყისში $120 დოლარს მიუახლოვდა, მოგვიანებით 90 დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა. კრიზისის შესამსუბუქებლად ნაბიჯებს დგამენ კონკრეტული ქვეყნებიც. მაგალითად, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ ტოკიო სათავეში ჩაუდგება პროცესს და 16 მარტიდან დაიწყებს საკუთარი ეროვნული მარაგების გამოთავისუფლებას, რათა შეამსუბუქოს ენერგოდეფიციტი საერთაშორისო ბაზარზე.

ცნობისთვის, IEA-ს წევრი ქვეყნები ამჟამად ჯამში 1.2 მილიარდ ბარელზე მეტ სახელმწიფო საგანგებო მარაგს ფლობენ, დამატებით 600 მილიონი ბარელი კი კერძო ინდუსტრიის ხელშია. შედარებისთვის, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სააგენტომ ბაზრის მხარდასაჭერად დაახლოებით 182 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყო. ამჟამინდელი 400-მილიონიანი პაკეტი კი მიუთითებს იმაზე, რომ ირანის კონფლიქტით გამოწვეული რისკები გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის გაცილებით მასშტაბურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები