მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იგეგმება ხორბლის სექტორის მხარდაჭერის ახალი მექანიზმების შემუშავება - დავით სონღულაშვილი

სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილი ხორბლის სექტორის წარმომადგენლებთან დარგობრივი საბჭოს ფორმატში შეხვედრა გამართა, სადაც სექტორში არსებული გამოწვევები და განვითარების მიმართულებები განიხილეს. შეხვედრის მიზანი სექტორსა და სახელმწიფოს შორის კოორდინაციის გაძლიერება და ხორბლის წარმოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა იყო - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, ხორბლის სექტორი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და ამ მიმართულებით დამატებითი მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავება იგეგმება.

„ხორბალი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურაა. სწორედ ამიტომ, გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა რეგიონის ფერმერებთან და მეხორბლეებთან. განვიხილეთ ყველა ის ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას დარგი. აღსანიშნავია, რომ რეგიონების მიხედვით, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, განსხვავებული გამოწვევებია, რის გათვალისწინებითაც ვიმსჯელეთ ერთიანი მექანიზმების შექმნაზე, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან იქნება მხარდაჭერილი. ამ მექანიზმებთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება სოფლის განვითარების სააგენტოსთან და მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რაც ფერმერებმა დააყენეს“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სერტიფიცირებული თესლის ხელმისაწვდომობაზე, თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე და მცირე და საშუალო ფერმერებისთვის სასაწყობე ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაზე. დისკუსიის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი, რაც პირდაპირ აისახება პროდუქციის ხარისხსა და კონკურენტუნარიანობაზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობასა და მართვაზე, მათ შორის საირიგაციო ტარიფების საკითხზე და სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმების ეფექტიანობაზე.

ფერმერებმა ასევე აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელს უხვმა ნალექმა გარკვეული სირთულეები შექმნა, თუმცა სახელმწიფოს მხარდაჭერის პირობებში კარგი მოსავლის მოლოდინი აქვთ.

bm.ge უწყებასთან მემარცვლე ფერმერებთან და დარგობრივ ასოციაციებთან შეეცდება დამატებითი დეტალების გარკვევას, რა იგულისხმება მხარდაჭერის ახალ მექანიზმში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები