მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გერმანიის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, კერძოდ, 0.3%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზებს, რადგან ექსპერტთა უმრავლესობა III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის შემცირებას ელოდა.
სტატისტიკის სამსახურის განმარტებით, მშპ-ის ზრდა ინდუსტრიული წარმოებისა და სერვისების მიწოდების სექტორში დაფიქსირებული მზარდი ტენდენციითაა განპირობებული. თუმცა ოფიციალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ენერგოინტენსიური სექტორები ისევ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან.
რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და ენერგოკრიზისის ფონზე, პოზიტიური ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებას ინვესტორები პოზიტიურად აფასებენ, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები ისევ სწრაფი ტემპით იზრდება, კერძოდ, მიმდინარე თვეს წლიური ინფლაციის დონე 11.6%-იან ნიშნულამდე გაიზარდა.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ცივი ზამთრის დადგომის შემთხვევაში, შესაძლოა, გერმანია უმწვავესი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას რეცესიამდე მიიყვანს, როგორც ამას ქვეყნის უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაცია Deutsche Bank-ი პროგნოზირებს.




























