ოფიციალური უწყების განმარტებით, მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება სავაჭრო ბრუნვის 22%-იანი ვარდნითაა გამოწვეული, რასაც, თავის მხრივ, საერთაშორისო სანქციები განაპირობებს.
მიუხედავად ეკონომიკაში დაფიქსირებული დაღმასვლის ზოგადი ტენდენციისა, სოფლის მეურნეობის წარმოება 6.2%-ით გაიზარდა, მშენებლობების მოცულობა კი რუსეთში 6.7%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება სამომხმარებლო ფასების ზრდის დონეს, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 12.6% შეადგინა, რაც ომის დაწყების შემდეგ დაფიქსირებული მინიმალური მაჩვენებელია.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელებულია, რაც მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი შემსუბუქების საშუალებას იძლევა. ცნობისთვის, გასულ თვეს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 7.5%-იან ნიშნულზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
საერთო ჯამში, წლის ბოლოსთვის რუსეთის ცენტრალური ბანკი მშპ-ის 3.5%-ით შემცირებას პროგნოზირებს, რაც თანხვედრაშია მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებულ პროგნოზებთან, თუმცა მნიშვნელოვნად აღემატება ომის დაწყების პერიოდში გაკეთებულ ნეგატიურ პროგნოზებს.




























