საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ მიესალმება, თუ აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრის გახსნას გადაწყვეტს.
როგორც მინისტრმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით აზერბაიჯანს საკუთარი შეხედულებები აქვს.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით რომ სრულად იყოს საზღვრები გახსნილი, იმისთვის, რომ ტურიზმი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან. ბევრი ვიზიტორი გვყავდა და გვინდა, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდეს.
არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, ზოგადად, საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით მათ კონკრეტული არგუმენტები, შეხედულებები აქვთ. ამიტომ, ძალიან რთულია რამე გითხრათ. ჩვენ მივესალმებით, თუ აზერბაიჯანის მხარე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და საზღვარს გახსნის”, - განაცხადა დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, იმის მიზეზად, რომ საქართველოში ტურისტული ნაკადები პანდემიამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის მიერ სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვას ასახელებს, რამაც მისივე თქმით, საქართველოს 1.5 მილიონზე მეტი ტურისტი და 400 მილიონი დოლარი დააკარგვინა.
აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება 2020 წლის გაზაფხულში, კოვიდპანდემიის გამო მიიღო. მაშინ ბაქოში აცხადებდნენ, რომ საკარანტინე რეჟიმი იმ დრომდე გაგრძელდებოდა, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს, რის გამოც შეზღუდვა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. უახლესი გადაწყვეტილებით, სახმელეთო საზღვრებს ქვეყანა 2024 წლის 2 აპრილს გახსნის, მანამდე კი აზერბაიჯანში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზითაა შესაძლებელი.