მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილიაუნი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ემზადება|"სარჩელზე მუშაობა უკვე დასრულების სტადიაშია"

ქეთი ცოტნიაშვილი

"ქართული ოცნების“ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. „სარჩელზე მუშაობა უკვე დასრულების სტადიაშია“, - ამის შესახებ უმაღლესი განათლების სპეციალისტმა და ილიას უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთი ცოტნიაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. მისი შეფასებით, „ოცნების“ რეფორმა არაკონსტიტუციურია და ბრძოლა მხოლოდ შიდა სასამართლო დავებით არ შემოიფარგლება.

უკვე ცნობილია, რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტს რა ფაკულტეტი დაუტოვეს და რამდენია 2026-2027 სასწავლო წლებისთვის მისაღები სტუდენტების კვოტა. კერძოდ, „ოცნების“ განათლების რეფორმის შედეგად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მიღება გამოცხადდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: პედაგოგიკის პროგრამები და აბეტ აკრედიტაციის მქონე სტემ სპეციალობები. რაც შეეხება მისაღები სტუდენტების რაოდენობას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების კვოტა, დაახლოებით, 14-ჯერ შემცირდა. უნივერსიტეტი წელს, საბაკალავრო პროგრამებზე მხოლოდ 300 სტუდენტს მიიღებს, მაშინ როცა გასულ წელს ილიაუნის კვოტა 4207 იყო. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს უნივერსიტეტმა 3 828 სტუდენტი მიიღო.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა ორგანოებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადება და მოითხოვეს, გაუქმდეს [კვოტების განაწილებაზე] მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არ ეფუძნება მტკიცებულებებს. ასევე, ილიაუნი ითხოვს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრას. "გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია და ასამარებს საქართველოს უმაღლეს განათლებას, უნივერსიტეტების ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას, კლავს საერთაშორისოდ აღიარებულ კვლევით მიმართულებებსა და სასწავლო პროგრამებს, ქვეყნის ევროპული განვითარების პერსპექტივას", - ეწერა განცხადებაში.

ინტერვიუ ქეთი ცოტნიაშვილთან:

- რამდენად მნიშვნელოვანია, შედეგის მისაღწევად, სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებიც შეუერთდნენ ილიაუნის მოთხოვნას - მით უმეტეს ბოლო კვირების მოვლენების გათვალისწინებით - ვგულისხმობ სტუ-ს თსუ-სთან გაერთიანების თემაზე პროტესტს და შედეგად, ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების შეცვლას...

- [სოლიდარობა] არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან „ქართულ ოცნებას“ დღეს ჰგონია, რომ შეუძლია, ყველას ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება - გააკეთოს განცხადება და ეს ყველაფერი უაპელაციოდ იქნება მიღებული; როდესაც ამბობენ, რომ თითქოს აკადემიურ საზოგადოებასთან არაერთი შეხვედრა გაიმართა, არ უნდა დავივიწყოთ ის პროცესები, რაც ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თსუ-სთან მიმართებით ვიხილეთ. ამ შეხვედრებზე უამრავი კითხვა დაისვა, რაზედაც საზოგადოებამ დაინახა, რომ სამინისტროს პასუხები არ აქვს და ყველაფერს მხოლოდ „პოლიტიკური გადაწყვეტილებით“ ამართლებენ. შესაბამისად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც თავისუფალი სივრცე, რომელიც პატივს სცემს აკადემიურ პრინციპებსა და ავტონომიას, არ აპირებს ამ გადაწყვეტილების უაპელაციოდ მიღებას. ეს არის პრინციპებისა და კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა.

- რა ბერკეტი აქვს უნივერსიტეტს?

- საკმაოდ ბევრი ბერკეტი არსებობს, თუმცა მთავარი მაინც მობილიზებაა. ერთ-ერთი უმთავრესი ბერკეტი კი საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაა. ეს ყველაფერი ცალსახად კონსტიტუციის დარღვევაა, რომლითაც გარანტირებულია უნივერსიტეტის ავტონომია და აკადემიური თავისუფლება.

- თუმცა ალბათ ნაკლებად სავარაუდოა საკონსტიტუციო სასამართლომ ხელისუფლებისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება გამოიტანოს...

- პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ საკონსტიტუციო სარჩელი, მისი შინაარსი და ტექსტი ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანია - როდესაც მომავალში უნივერსიტეტის განვითარებაზე ვისაუბრებთ, აი ასეთი დოკუმენტები ფუნდამენტურ როლს შეასრულებს...

- ილიაუნი აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში დავას?

- აუცილებლად. საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ამას არა მხოლოდ ისტორიული, არამედ პრაქტიკული და პრაგმატული მნიშვნელობა აქვს. დოკუმენტში ძალიან კარგად არის დასაბუთებული, თუ რატომ ირღვევა აკადემიური პრინციპები. გარდა ამისა, ვაპირებთ მივმართოთ ევროპულ სტრუქტურებსაც.

- გაქვთ თუ არა სოლიდარობის იმედი სხვა უნივერსიტეტების მხრიდან - როგორც სახელმწიფო, ისე - კერძო უნივერსიტეტებიდან?

- სოლიდარობის იმედი გვაქვს. ვფიქრობ, მთლიანად აკადემიური სივრცე ხედავს, რა ხდება. დღეს, როდესაც ცხადდებოდა, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტი რჩებოდა, შესაძლოა, რომელიმე სასწავლებლის პერსონალს გაუხარდა კიდეც საკუთარი პოზიციების შენარჩუნება ან ის, რომ ილიაუნის რაღაც ჩამოერთვა, თუმცა, სინამდვილეში, აკადემიური სივრცის ღირსება განისაზღვრება არა იმით, თუ ვის რა წილი ერგო განაწილებისას, არამედ ფუნდამენტური ღირებულებების ერთგულებით. საქართველოში ყოველდღიურად იზრდება რეპრესიული მექანიზმები, თუმცა ამის პარალელურად უნდა გაიზარდოს აკადემიური მორალი და სოლიდარობაც. ჩვენ არ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები უაპელაციოდ. საბოლოო ჯამში, ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით და როგორი რეაგირება გვექნება ამ პროცესებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები