მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილიაუნი "ტრენინგ ცენტრად"|როგორ აუქმებს „ოცნების“ რეფორმა მრავალპროფილურ უნივერსიტეტს?

ქეთი ცოტნიაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორის, უმაღლესი განათლების სპეციალისტ ქეთი ცოტნიაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ განათლების რეფორმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ილიაუნი სრულყოფილი უნივერსიტეტის ვერ იქნება და პროფესიული მომზადების ცენტრს ემსგავსება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც განხილვის მთავარი თემა უნივერსიტეტებისთვის განსაზღვრული პროგრამები და კვოტები იყო. „როდესაც ქვეყანაში ასე მიიღება გადაწყვეტილებები, სინამდვილეში, „უნივერსიტეტი“ არცერთ სასწავლებელს აღარ ჰქვია, თუკი აკადემიური სივრცე ამ ყველაფერს ეგუება“, - აღნიშნა მან.

„ოცნების“ განათლების რეფორმის შედეგად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მიღება გამოცხადდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: პედაგოგიკის პროგრამები და აბეტ აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები. რაც შეეხება მისაღები სტუდენტების რაოდენობას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების კვოტა, დაახლოებით, 14-ჯერ შემცირდა. უნივერსიტეტი წელს, საბაკალავრო პროგრამებზე მხოლოდ 300 სტუდენტს მიიღებს, მაშინ როცა გასულ წელს ილიაუნის კვოტა 4207 იყო. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს უნივერსიტეტმა 3 828 სტუდენტი მიიღო.

- ქეთი, ცნობილია, რომ ილიას უნივერსიტეტი არ აპირებს უაპელაციოდ მიიღოს „ქართული ოცნების“ განათლების რეფორმა და საკონსტიტუციო სარჩელიც მზადდება, მაგრამ თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უკან არ დაიხია, იმ პროგრამებით და იმ კვოტებით, რაც ილიაუნის დაუტოვეს როგორ წარმოგიდგენიათ უნივერსიტეტის ფუნქციონირება?

- ძალიან საინტერესოა ის გარემოება, რომ [„ქართული ოცნების] ხელისუფლების მხრიდან, მთავარი აქცენტი (ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაშიც ასე იყო) კეთდება იმაზე, რომ თითქოს 90-იან წლებამდე არსებულ ნიშნულს უნდა დავუბრუნდეთ და ყველაფერი „ტრადიციული მიმართულებებით“ განისაზღვროს. დღეს საქართველოში, ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში, განათლების მიმართულება მოხსენიებულია, როგორც „განათლების მეცნიერება“, მაშინ, როდესაც ეს პარტიული კონცეფცია და დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილება იმეორებს ტერმინ „პედაგოგიკას“ - ანუ იმას, რაც საბჭოთა კავშირის დროს ერქვა პედაგოგიურ ინსტიტუტებს... ჩვენ გვქონდა მასწავლებლის მომზადების ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც ყოველგვარი განხილვის გარეშე გააუქმეს. ამ პროგრამას განიხილავს დარგობრივი საბჭო, რომელიც ხარისხის განვითარების ცენტრში ფუნქციონირებს და ადგენს დარგობრივ მახასიათებლებს, თუმცა ამ საბჭოში მსჯელობის გარეშე გააუქმეს ხუთწლიანი ინტეგრირებული პროგრამა. არც კი ვიცით, ეს რით უნდა ჩანაცვლდეს - სავარაუდოდ, სამწლიანი „პედაგოგიკის“ პროგრამით, რაშიც საერთოდ რა შევა, არავისთან ყოფილა განხილული. შესაბამისად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც ეუბნებიან, რომ მხოლოდ პედაგოგიკის მიმართულება და ABET აკრედიტებული პროგრამები უნდა დარჩეს, პრინციპში, რაღაც „ტრენინგ ცენტრად“ უნდა წარმოვიდგინოთ... რაღაც პროფესიული მომზადების ცენტრად. ეს აღარ არის უნივერსიტეტი; როდესაც ასეთ სასწავლებელსა და მის რესურსს ამხელა ზიანს აყენებ, სინამდვილეში, თავად ეს პროგრამებიც ზიანდება, რადგან მასწავლებლის მომზადება ინტერდისციპლინურია - იქ ფიზიკის თუ ისტორიის მასწავლებელს ამზადებ და ამ ფაკულტეტების გარეშე ეს პროცესი წარმოუდგენელია... გარდა ამისა, აკადემიური პერსონალის მუშაობა როგორ წარმოუდგენიათ, თუნდაც ეფექტიანობისა და ფიზიკური თვალსაზრისით, როდესაც მხოლოდ ერთი პროგრამა გაქვს და მასზე მუშაობს მთელი აკადემიური პერსონალი?!

- გივი მიქანაძე ირწმუნება, რომ პროფესორ-მასწავლებლებს მაქსიმალურად შევინარჩუნებთ და სხვადასხვა უნივერსიტეტებში გადანაწილდებიანო...

- მგონია, რომ არც მათ აქვთ არაფერი დათვლილი, მოწესრიგებული და დალაგებული. დროდადრო თვითონაც არკვევენ ამ საკითხებს. ეს პროცესი, რეალურად, ჩიხში შემყვანია მთლიანი საგანმანათლებლო სისტემისთვის. აი, თუ შევხედავთ, თქვეს, რომ კვოტები ჯამურად 2000 სტუდენტით უნდა გაიზარდოს. სინამდვილეში, იმ პირობებში, როდესაც ამბობენ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყველა სტუდენტს დააფინანსებენ მინიმალური ვაუჩერის (2250 ლარი) თანხით, ჩვენ დავთვალეთ და დღეს გათვლილი ბიუჯეტით, რეალურად, ამის მხოლოდ ნახევრის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

- დიახ, თუმცა მინისტრის თქმით, 2026 წლის ბიუჯეტში უმაღლესი განათლებისთვის განსაზღვრული თანხა საკმარისია 2026-2027 წლების სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის, ხოლო დანარჩენი თანხა უკვე 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაიდება...

- ესეც მორიგი დაპირებაა, რომელიც ახლა უნდა დავიჯეროთ.

- მოკლედ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იმ სპეციალობებით, რომლებიც მას დაუტოვეს, ვერ იქნება სრულფასოვანი უნივერსიტეტი თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა?

- ნამდვილად. ვფიქრობ, როდესაც ქვეყანაში ასე მიიღება გადაწყვეტილებები, სინამდვილეში, „უნივერსიტეტი“ არცერთ სასწავლებელს აღარ ჰქვია, თუკი აკადემიური სივრცე ამ ყველაფერს ეგუება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები