მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ამერიკელი ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა ახალი სკაფანდრი წარმოადგინა, რომელსაც “პოლარული ციალის განთიადის” მისიის ასტრონავტი ღია კოსმოსში გასვლის დროს გამოიყენებს. თავად ეს მისია კი იმით არის გამორჩეული, რომ ის სრულად კომერციული იქნება, ანუ ადამიანები, რომლებიც კოსმოსში გაემგზავრებიან იქნებიან არა პროფესიონალი ასტრონავტები, არამედ კოსმოსში მოგზაურობით შეპყრობილი მდიდარი ადამიანები, რადგან ამგვარი მოგზაურობა - იაფი სიამოვნება ნამდვილად არ არის.
SpaceX-ის მიერ შექმნილი ახალი სკაფანდრი მარტივად, მაგრამ შთამბეჭდავად გამოიყურება, რაც მის მაღალტექნოლოგიურობაზე მიუთითებს. სკაფანდრი აღჭურვილია, როგორც ახალი თაობის ეკრანიანი ჩაფხუტით, ასევე კამერით, თერმული ქსოვილით და დამატებითი მასალებით, რომლებიც Falcon 9-ტიპის რაკეტასა და Dragon-ის კოსმოსური ხომალდის ფიუზელაჟში იყო გამოყენებული.
როგორც SpaceX-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ახალი თაობის სკაფანდრი არ არის აღჭურვილი ზურგჩანთით, ანუ ის გაცილებით უფრო მცირეა იმ სკაფანდრებთან შედარებით, რომელთაც “საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში” მცხოვრები ასტრონავტები ღია კოსმოსში გასვლის დროს იცვამენ. ზურგჩანთაში, როგორც წესი, ასტრონავტები კოსმოსში არსებობისთვის აუცილებელ მოწყობილობებს ინახავენ, მათ შორის დენის წყარის, ჟანგბადსა და გაგრილების სისტემას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ახალი თაობის სკაფანდრს ეს ფუნქციონალი არ აქვს, კოსმოსური ტურისტები, სავარაუდოდ, ღია კოსმოსში კოსმოსურ ხომალდთან დაკავშირებული კაბელით გავლენ, რომელიც იმავე ფუნქციას შეასრულებს, რასაც ზურგჩანთა.
როგორც გითხარით, ღია კოსმოსში პირველი კომერციული გასვლა “პოლარული ციალის განთიადის” მისიის დროს შესრულდება, რომლის ფარგლებში Falcon 9-ტიპის რაკეტა დედამიწის ორბიტაზე ოთხ კოსმოსურ ტურისტს აიყვანს. ასტრონავტები დედამიწიდან 700 კილომეტრის სიმაღლეზე ავლენ, რაც პლანეტიდან გაცილებით შორსაა, ვიდრე “საერთაშორისო კოსმოსური სადგური”, რომელიც 402 კილომეტრის სიმაღლეზე არის განთავსებული. ღია კოსმოსში პირველი კომერციული გასვლა რამდენიმე საათს გაგრძელდება, რა დროსაც ასტრონავტები ახალ სკაფანდრს გამოცდიან. “პოლარული ციალის განთიადის” მისიას ჯარედ აიზეკსონი უხელმძღვანელებს, რომელიც კოსმოსში პირველად 2021 წელს Inspiration4-ის მისიის ფარგლებში გაემგზავრა.