მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედი მაქვს, ამ წლის დეკემბრამდე საკმარისი პროგრესი იქნება - ევროკავშირის ელჩი

6434168ea4f07
ინგა მურუსიძე
10.04.23 20:00
631
იმედი მაქვს, ამ წლის დეკემბრამდე საკმარისი პროგრესი იქნება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რეგიონული მაუწყებლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში სამუშაოები კვლავაც გრძელდება. „ეს არის პროცესი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება - მე ვსაუბრობ საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებაზე და ამ გზაზე მრავალი ნაბიჯის გადადგმას ვგულისხმობ. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. საქართველო ახლა დგას სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ საქართველოს პროგრესს 12 რეკომენდაციის გათვალისწინების საკითხში მიმდინარე წლის ბოლოს შევაფასებთ.

რეალურად, უკვე დავიწყეთ საპროექტო საბჭოზე მუშაობა, ეს არის ინკლუზიური პროცესი, ჩვენ უპირველეს ყოვლისა, ვესაუბრებით მთავრობას და ოპოზიციას, სამოქალაქო და ბიზნეს საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს. ამის შემდეგ ევროკომისია ოქტომბერში გამოაქვეყნებს მრავლისმომცველ ანგარიშს საქართველოსა და 9 სხვა ქვეყნის შესახებ, რომლებიც ამ გაფართოების პაკეტში შედიან. შემდეგ კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ“, - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის თითოეული წევრი-ქვეყანა დარწმუნებული უნდა იყოს საქართველოსთვის მხარდაჭერაში და საქართველოც კანდიდატის სტატუსს ამის შემდეგ მიიღებს.

„მე ნამდვილად ვისურვებდი შემეძლოს ვიწინასწარმეტყველო, თუ რა მოხდება, მაგრამ გარწმუნებთ, ეს არ შემიძლია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენ შეგვიძლია ის, რომ საქართველოს და ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდეს ყველა საჭირო ინფორმაცია, მითითება, რომ მივაღწიოთ პროგრესს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. ეს ამ 27 წევრი სახელმწიფოს მხრიდან მისაღები გადაწყვეტილებაა და ფაქტობრივად, საქართველოს შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობის გზაზე, ჯერ კანდიდატის სტატუსის მიღებას ითვალისწინებს. იმედი მაქვს, ამ წლის დეკემბრამდე საკმარისი პროგრესი იქნება, რათა ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ გადაწყვეტილებას 27 სახელმწიფო მიიღებს ერთსულოვნად. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის თითოეული წევრი-ქვეყანა დარწმუნებული უნდა იყოს საქართველოსთვის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, საქართველომ დადებითი სიგნალები გაუგზავნოს ბრიუსელს და ასევე 27 წევრი სახელმწიფოს დედაქალაქს. ის, რომ ეჭვის საბაბი არ არსებობდეს, ასევე არ არსებობდეს გაურკვევლობები მაშინ, როცა ამდენი ქვეყნის ლიდერი შეიკრიბება, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ჯერ კიდევ არის დრო. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ანგარიშის გამოქვეყნებაზე ოქტომბერში. რამდენიმე თვეა წინ, მუშაობა გრძელდება. პროცესში ყველამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით, რათა ყველაფერი გაკეთდეს დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - თქვა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები