"საქართველოს მხრიდან "სამხრეთ კავკასიური მილსადენის კონსორციუმისათვის", დაახლოებით, 1,5 მილიარდი კუბური მეტრის გატარებისათვის გაზსადენში სივრცის დათმობა, იმედია, მუქთად არ მომხდარა", - აცხადებს ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე და იმედი აქვს, რომ ევროპისთვის გაზის მისაწოდებლად მილსადენის "დათმობას" საქართველოს მთავრობა საერთაშორისო კონსორციუმთან მოლაპარაკებებში [2026 წელს] ქვეყნისთვის კარგი პირობების მისაღებად გამოიყენებს.
საქმე ის არის, რომ სამხრეთკავკასიური გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოს აქვს ოფცია აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5% მიიღოს - კონტრაქტი ძალაშია 2068 წლამდე. გარდა ამისა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან ანუ 2006 წლიდან 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასში შეისყიდის. სწორედ ე.წ. „დამატებით გაზის“ კონტრაქტს ეწურება ვადა 2026 წლის ბოლოს.
ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების 2024 წლის ერთიანი ანგარიშის თანახმად, "საქართველო აქტიურად უწყობს ხელს აზერბაიჯანს - შეასრულოს ევროკავშირთან 2022 წლის 18 ივლისს გაფორმებული შეთანხმებები, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის გაზის მიწოდების გაზრდას ევროკავშირისთვის წელიწადში მინიმუმ 20 მლრდ. მ3-მდე 2027 წლისთვის (2021 წელს 8,1 მლრდ. მ 3 იყო).
„ქართული მხარე დათანხმდა “სოკარის“ თხოვნას, საქართველოს კუთვნილი გაზის ნაწილი დროებით ყაზახი-საგურამოს გაზსადენით მიიღოს და სკმ-ში გამოთავისუფლებული სიმძლავრე ევროკავშირისათვის განკუთვნილი გაზის მიწოდებისათვის გამოიყენოს. შედეგად, ევროპისთვის ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახდა დამატებით დაახლოებით 1,1 მლრდ. მ 3 აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზი“, - წერია ანგარიშში.
BMG-ის ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაშიც საქართველოს კუთვნილი გაზის ნაწილს ყაზახი-საგურამოს გაზსადენით იღებს, თუმცა აზერბაიჯან-საქართველოს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ყაზახი-საგურამოს მილსადენიდან გაზის მიღება ვერ მოხერხდება, [ავარიის ან სხვა მიზეზით] საქართველოს აქვს უფლება, კუთვნილი ბუნებრივი აირი ისევ სამხრეთკავკასიური გაზსადენით მიიღოს.
რომან გოცირიძეს აღნიშნულ „დათმობასთან“ დაკავშირებით კითხვები აქვს, მაგრამ იმედოვნებს, რომ სანაცვლოდაც საქართველო გარკვეულ სარგებელს ნახავს.
„გამოდის, ჩვენ უარი ვთქვით გაზსაცავის ტოლფასად დაცულ ბაქო-თბილისი-ერზრუმში გამავალ გაზზე, ჩვენს სივრცეზე... თავად ხელისუფლების მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ [საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის შეიძლება გამოწვევად ჩაითვალოს უკანასკნელ პერიოდში რუსული გაზის წილის ზრდის ტენდენცია]...“, - აცხადებს ის.
გაზის უსაფრთხოების 2024 წლის ანგარიშში ასევე წერია, რომ 2023 წელს რუსეთმა საქართველოს 596.040 მლნ. მ3 გაზი მიაწოდა საბაზრო ფასებში, რისი მიზეზიც ძირითადად აზერბაიჯანიდან გაზის არასაკმარისი რაოდენობის მიღებაა.
„ამდენად, საქართველოს მხრიდან კონსორციუმისათვის, დაახლოებით, 1,5 მილიარდი კუბური მეტრის გატარებისათვის მილსადენში სივრცის დათმობა, იმედია, მუქთად არ მომხდარა. ეს დამატებითი არგუმენტი უნდა იყოს მომავალი წლიდან ე.წ. „დამატებითი გაზის“ მოცულობის [500 მლნ კუბური მეტრი] შენარჩუნებისა, მეტ-ნაკლებად მისაღებ ფასად“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ვფიქრობ, [აზერბაიჯანიდან ტრანზიტზე] იოლად ვიპოვით საუკეთესო გზას, რომელიც სამივე ქვეყნის ინტერესებს დააკმაყოფილებს - ირაკლი კობახიძე
"დამატებითი გაზის" რუსულით ჩანაცვლება ენერგეტიკული კრახი იქნება | რა კოზირი უჭირავს საქართველოს?




























