საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი MEGOBARI ACT-ზე საუბრისას აცხადებს, რომ ვიდრე ის საკანონმდებლო ნორმა გახდება, პროცედურები უნდა გაიაროს, ამიტომ საბოლოო შეფასებებს უნდა დაველოდოთ.
„პირველ რიგში, ეს არის MEGOBARI ACT-ის პროექტი, ვიდრე ის შედგება როგორც უშუალოდ აქტი და იქნება, როგორც საკანონმდებლო ნორმა, ამას გარკვეული პროცედურები სჭირდება მთლიანად წარმომადგენელთა პალატაში და სენატში. ასე რომ, დაველოდოთ და შემდეგ მივიღოთ შეფასებები ალბათ უფრო ამ საკითხთან მიმართებით. მე ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ, ხშირად იყო ხოლმე, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები, კონკრეტული იდეები, მოსაზრებები, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კეთდებოდა, რაც იყო უსაფუძვლო საქართველოსთან მიმართებით. რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებ, რომ ყველას ექნება ობიექტური შეფასება იმ პროცესებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს“, - თქვა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, მაისში, აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტი წარადგინა. კონგრესმენის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს. თუმცა, აღნიშნულის განსახორციელებლად ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს. როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, „მეგობრობის აქტი“ შემოთავაზებულია მეგობრობის სულისკვეთებით და საქართველოს სთავაზობს ტრანსატლანტიკური გზის აღდგენას. მისივე თქმით, ის ასევე ითვალისწინებს სანქციებსაც.