"ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია", - ეს განცხადება პრემიერმა გუშინ, “ნენსკრა-ჰესის” ინვესტორი კომპანიის K-Water-ის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრისას გააკეთა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა გუშინ გაიმართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ეს შეხვედრა გარდამტეხი იქნება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნენსკრას პროექტი განხორციელდეს, თუმცა იცით, რომ ინვესტორმა დააგვიანა, მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა და დრო დაიკარგა ამ პროექტთან მიმართებით. დღეს ინვესტორი გვპირდება, რომ მზად არის პროექტის განსახორციელებლად, თუმცა სახელმწიფოს გააჩნია თავისი მოთხოვნები. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ და წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დიალოგი კომპანიასთან, ჩვენ შევხვდით გუშინ უკვე კომპანიის ხელმძღვანელს. იმედი გვაქვს, ეს შეხვედრა იქნება გარდამტეხი, რომ კომპანიამ სწრაფად მოახდინოს პირობების შეთანხმება და პროექტის განხორციელება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კითხვაზე, რა იქნება სახელმწიფოს როლი ამ პროექტში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ეს მოლაპარაკების საგანია და პროცესის დასრულების შემდეგ დეტალები გახდება ცნობილი.
„სამხრეთკორეულ კომპანია K-Water-თან აქტიურად ვმუშაობთ, რომელიც პოტენციური მშენებელი იქნება. მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ აღნიშნული ხელშეკრულება გაგრძელდეს და გარკვეულ ვალდებულებებზე შეთანხმება მოხდეს, რათა დაიწყონ ჰესის მშენებლობა.
აბსოლუტურად ყველა ვარიანტი განიხილება, გვინდა, რომ მივეხმაროთ ამ პროექტს და ასევე ინვესტორის მხრიდან უნდა იყოს მზაობა, რომ ეს პროექტი განხორციელდეს, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, "ნენსკრა ჰესის" მშენებლობის ვადები უკვე არაერთხელ დაირღვა, ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმდინარე წლის მაისში გააკეთა. თავად ჰესის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, ხოლო პროექტის საინვესტიციო მოცულობა 1.05 მილიარდი დოლარია.
2015 წლის აგვისტოში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში “ნენსკრაჰესის” 280-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობა “იწყებოდა”. ამ განცხადებიდან თითქმის შვიდი წელი გავიდა და პროექტი, როგორც ფინანსური პრობლემების, ასევე მოსახლეობის პროტესტის და პროექტის გენერალურ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო შეჩერებულია.
ბოლო მონაცემებით, "ნენსკრაჰესის" მშენებლობის დასრულების შესაძლო თარიღმა 2027 წლისთვის გადაინაცვლა.
"ნენსკრას" ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია. მას “ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი უჭირავს, 8.1%-იან აქციონერს კი, “საპარტნიორო ფონდი” წარმოადგენს.
თავად "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ 2021 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ "ნამახვანჰესის" პროექტის პროტესტის ფონზე, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ რატომ არის ნენსკრას სადგურის მშენებლობა შეჩერებული.