ზაფხულის ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაში გადასვლის მიუხედავად, მაღალმთიან სვანეთში ევროპელი ტურისტების სიმცირე კვლავ შეინიშნება. ისინი, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, აზიელმა ტურისტებმა ჩაანაცვლეს, - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში მესტიაში მდებარე სასტუმრო "ლაჰილის" მფლობელი, ლევან დადვანი საუბრობს.
მისი თქმით, აზიელ ტურისტებს განსხვავებული მოთხოვნები, ინტერესები და ბიუჯეტი აქვთ, რაზეც ტურისტული სექტორი ჯერ ვერ ადაპტირდა.
"[ევროპელი ტურისტები] არიან, როგორ არა, მაგრამ რადიკალურად შემცირებულია მათი რაოდენობა.
ახლა არის ყველაზე აქტიური პერიოდი ზაფხულის დასვენებისთვის და ცოტა უცნაური სეზონია წინა წლებთან შედარებით. სეგმენტი საერთოდ გამოცვლილია. ძირითადად არის აზიური სეგმენტი და ჯერ ბაზარი ვერ ადაპტირდა ამ დამსვენებლებზე, იმიტომ, რომ ცოტა უცნაური მოთხოვნები აქვთ. მიჩვეული ვიყავით ევროპელ ტურისტებს და ცოტა რთული გახდა გადმოწყობა ამ სეგმენტზე. სხვა მოთხოვნები აქვთ, ძირითადად, არ აინტერესებთ კულტურა, არ აინტერესებთ გასტრონომია. მთავარი მოთხოვნა არის უბრალოდ სურათის გადაღება, ძირითადად მაგ მიმართულებით ჩამოდიან. ნუ, თანხას ხარჯავენ მანქანის ქირაობაში, სასტუმროს ქირაობაში, ნომრების დაჯავშნაში, ოღონდ ნაკლებს, ამიტომ ფასების დაწევა მოუწია თითქმის ყველას", - ამბობს ლევან დადვანი.
ტურისტული ნაკადების გეოგრაფიის ცვლილება, დადვანის თქმით, მკვეთრად აისახება როგორც სასტუმრო, ასევე სარესტორნო ბიზნესზე და სექტორის შემოსავლებზე.
"უფრო მძიმედ ამან სარესტორნო ბიზნესს დაარტყა, იმიტომ, რომ ფაქტობრივად არსად შედიან, არაფერს არ ყიდულობენ, არაფერს არ უკვეთენ. ძირითადად, თანხას ხარჯავენ მაღაზიებში, ყიდულობენ ე.წ. სწრაფი მომზადების სუპებს და თვითონ იკვებებიან. თუ არ ვცდები, რაც ველაპარაკე, შეიძლება ჩემი დასკვნებია, გათვლა აქვთ, რომ დღეში უნდა დახარჯონ $10, რაც 26 თუ 27 ლარია.
უკმაყოფილება უკვე მოვისმინე, ხმები არის, რომ უკვე უჭირს ბევრ ბიზნესს, მდუმარე ბიზნესებსაც. ყველაზე გადატყდება ალბათ ჯოხი თანაბრად, ალბათ ყველას გაუჭირდება, იმიტომ რომ მართლა არ ხარჯავენ ფულს. რაოდენობაში არიან, ფულს არ ხარჯავენ და არ ვიცი, რას ვიზამთ, რა უნდა გავაკეთოთ, ჯერ არც მოგვიფიქრებია. რაღაც დოზით ადაპტაცია მოგვიწევს. ხუმრობით ვიტყვი, რომ საუზმეზე უკვე ბრინჯის დამატება მოგვიწია, რაღაცას ვიზამთ, ალბათ. იმედი მაქვს, რომ იმ სეგმენტს დავუბრუნდებით, რომელსაც მართლა აინტერესებს ჩვენი ქვეყნის კულტურა, ჩვენი მთები და უბრალოდ სურათის გადასაღებად არ ჩამოდიან, მუზეუმში მაინც შედიან. იმედია, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება და ადაპტაციის მაგივრად ისევ ძველ სეგმენტზე დავუბრუნდებით, ალბათ, ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ ამისთვის", - განაცხადა ლევან დადვანმა.




























